ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის პრემია გადასცეს

16 ივნისი, 2013 • • 1100
მიხეილ სააკაშვილს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის პრემია გადასცეს

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

“FAO-ს გადაწყვეტილებით, სპეციალური პრემია გაეროს წევრი ქვეყნების იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. პრემიის მინიჭებისას ორგანიზაცია ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და საკვების უსაფრთხოების მხრივ გატარებული პოლიტიკის შედეგებს ითვალისწინებს”.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.  მიხეილ სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა:

 

“ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში თითქმის 50% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, დღეს ეს ჩამოსულია 20 %–ზე. ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ თუკი ყოველი მეორე იყო შიმშილის პირობებში, ეს დღეს ეს არის ყოველი მეხუთე, რომელსაც ყოველდღიური შემოსავლის სერიოზული პრობლემა აქვს. თუმცა ჩვენ ასევე შემოვიტანეთ სოციალური დახმარებები, რაც მანამდე პრაქტიკულად არ იყო. საქართველოში ერთიანი ეროვნული პროდუქტი ვარდების რევოლუციის შემდეგ 5 მილიარდი დოლარი იყო. მე მილიონები და მილიარდები არ მიშოვია, მაგრამ საქართველოს ერთიანი ეროვნული  პროდუქტი 5 მილიარდიდან 16 მილიარდამდე გაიზარდა.  საქართვლომ დამატებით იშოვა 11 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ უკეთესად გადაანაწილოს თავის მოქალაქეებზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ შობადობა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ ბავშვთა და ქალთა სიკვდილიანობა სამჯერ შემცირდა. ეს არის უტყუარი მონაცმები, რომელიც საერთასორისო ორგანიზაციებს აქვთ, რამდენად სწრაფად განვითრდა საქართველო”– განაცხადა მან.

 

კონფერენციის გახსნამდე მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვდა FAO-ს გენერალურ მდივანს ჟოზე გრაციანო დასილვას. ვიზიტის დაწყებისას აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს FAO-ს ხელმძღვანელობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია, საქართველოს ელჩი იტალიაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კარლო სიხარულიძე  დახვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი