“ჩვენ არაფერი არ მოგვიგონია, ყველაფერი გადმოვიღეთ ევროპული სივრციდან, იმ სივრციდან, რომლისკენაც მივისწრაფვით”, – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “პოზიციაში”
მარგველაშვილის თქმით, დოქტორანტებს შეეძლებათ სემინარის წაკითხვა, მაგრამ მათი მთავარი საქმე უნდა იყოს კვლევა, ხოლო ლექციების გამო ისინი საკუთარ ძირითად საქმიანობას არ უნდა მოწყდნენ:
“თუ შენ დოქტორანტი მთლიანად ამოგლიჯე კვლევიდან და თავიდან ბოლომდე ლექციები გადააბარე, როგორ გაიზრდება ეს ადამიანი? როგორ მივა დოქტორობამდე. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიას ხაზი გადავუსვათ და ვთქვათ, რომ ხარისხები არ არსებობს, სტატუსები არ არსებობს, ვთქვათ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, მაგისტრია თუ დოქტორია, ადამიანს მაინც შეუძლია რომ კვალიფიციური სასწავლო კურსი აწარმოოს, მე მგონია, რომ ეს შეცდომაა, ეს ახალი ველოსიპედის გამოგონებაა მეცნიერებაში, რაც უკვე გამოგონილია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, პარლამენტში კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმიტომ შევიდა, რომ ოთხი თვის მანძილზე მისი განხილვა მიმდინარეობდა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბითაც:
“ამ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა არა მარტო ილიას უნივერსიტეტისთვის, არა მარტო თსუ-სთვის, არა მარტო ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სამედიცინოსთვის და ა.შ. რეგიონებშიც კი ვიყავით გასული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთავარი არ არის, ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება. მაგრამ სხვა უნივერსიტეტებში მივიდნენ? ჰკითხეს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რას ფიქრობდა, დღეს თელავში ვინმე წამომყვა და კითხა თელავის უნივერსიტეტს, რას ფიქრობდა? ყველა ინფორმირებული იყო ამის თაობაზე, მაგრამ არავინ წამომყოლია, ერთადერთი არ იყო ინფორმირებული გიორგი კანდელაკი, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მე ვიყავი დუშეთში და გაუშვა ერთი ავტობუსი ხალხი დუშეთში”, – განაცხადა მინისტრმა.