პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2013 წლის 26 მაისს ყიფშიძის ქუჩაზე გიგი სვანის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო იმავე დღეს შსს თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში გიგი სვანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. გამოძიების მიერ გატარებულ იქნა ყველა საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება დანაშაულის გახსნის მიზნით. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენაში პოლიციის მოხელის სავარაუდო მონაწილეობა, საქმე დაიქვემდებრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ 2013 წლის 11 ივნისს დაკავებული იქნა დავით გელას ძე გელაძე, შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი. დ. გელაძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). 12 ივნისს თბილისის პროკურატურამ მიმრთა სასამართლოს დ. გელაძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების შესახებ და ბრალდებულ დ. გელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15.000 ლარის ოდენობით. თბილისის პროკურატურა გაასაჩივრებს სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. საქმეზე გრძელდება გამოძიება.”