პროკურატურა, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წაუყენა ბრალი გელაძეს, მის პატიმრობას ითხოვდა სასამართლოსგან.
შსს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსი, დავით გელაძე შსს-დან 26 მაისის ინციდენტის შემდეგ დაითხოვეს.
გივი თარგამაძის მტკიცებით, რომელმაც დღეს აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქე გიგი სვანის მოკვლა სცადა:
“ა.წ. 26 მაისს, დაახ. 22:00სთ-ზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ ნასვამ მდგომარეობაში ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა ავტომანქანას, რითაც საფრთხე შეუქმნა ფეხით მოსიარულე 18 წლის მოზარდს, მოქალაქე გიგი სვანს. ამ უკანასკნელის აღშფოთების შემდეგ მგელაძემ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და შევიდა კონფლიქტში აღნიშნულ ახალგაზრდასთან. სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, იცოდა რა, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მრავლად არის სათვალთვალო კამერები, შსს-ს მაღალჩინოსანმა სვანი ჩაიყვანა ყიფშიძის ქუჩაზე, დაადო თავზე ცეცხლსასროლი იარაღი და გაისროლა. საბედნიეროდ, გასროლამდე მოზარდმა მოასწრო მოძრაობა, რის გამოც ტყვია მოხვდა არა თავში, არამედ მხარში.”
მისივე თმით, გიგი სვანი, რომლის დაზიანების ხარისხი არის მძიმე, შეყვანილ იქნა რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსი“ გამყოფილებაში, რაზეც არსებობს მიმღების ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი. თარგამაძე აცხადებს, რომ სვანს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და უახლოეს დღეებში საჭიროებს მეორეს.
სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც გელაძეს ბრალი წარედგინა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.
გელაძე 2012 წლის ბოლოდან მუშაობს შსს-ში, მანამდე, 2003 წელს ის მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში და 2004 წელს გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.