საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ დაკავებულს ბრალი არასათანადოდ წაუყენა:
“მინდა გითხრათ, რომ საოცარი ოპერატიულობით ისარგებლა შს სამინისტრომ. მას შემდეგ, რაც ITV-მ დადო შესაბამისი მასალა გუშინ ღამით, ბატონი გელაძე იქნა დაკავებული ოპერატიულად, თითქოს მხოლოდ ამის მერე შეიტყო შს სამინისტრომ მისი ბრალეულობის შესახებ. ის დაჩქარებით იყო წარდგენილი სასამართლოში დღესვე. პროკურატურამ უკვე ჩვეული ხრიკი გამოიყენა, როდესაც, ერთი მხრივ, თითქოს მოითხოვა პატიმრობა, მაგრამ ბრალი არასათანადოდ წაუყენა იმთავითვე, ანუ სხეულის განზრახ დაზიანების მუხლი, როცა საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან. არ წარადგინა საკმარის მტკიცებულებები და ახლა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხელს იშვერს სასამართლოსკენ, რომ აი, სასამართლომ გამოუშვა ბატონი გელაძე 15- ათასიანი გირაოთი. ეს უკვე ჩვენთვის ძალიან ნაცნობი და ჩვეული ტრიუკი არის.”
მისივე მტკიცებით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ნებისმიერ დანაშაულზე, მათ შორის მკვლელობის მცდელობისთვის, მაქსიმალური სასჯელი არის თანამდებობიდან გათავისუფლება და შემდეგ გირაოთი გაშვება:
“ალბათ, ანალოგიები ყველას თავისთავად მოსდის, როდესაც ჩვენს გენერალურ მდივანს შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა იმიტომ, რომ მას აქვს კავშირები და შეიძლება მიიმალოს. გელაძის შემთხვევაში არსებობს დაზარალებულის ბებიის ინტერვიუ, რომ გელაძე ამ პერიოდში უკვე ახორციელდება ზეწოლას, შანტაჟს, დაშინებას და მოსყიდვას დაზარალებულების, შესაბამისად, მას აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე, თავად დაზარალებულებზე. კრიმინალური პოლიციის მოქმედი უფროსი არის მისი უახლოესი მეგობარი, ის თავად მუშაობდა ამ სტრუქტურაში 1 თუ 2 კვირის წინ, ეს ყველაფერი იქნა უგულველყოფილი და ისევე, როგორც ხვედელიძის შემთხვევაში, რომ შს სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკი იქნა გათავისუფლებული გირაოთი.”
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ საქმეში რამდენიმე ფაქტია საყურადღებო:
“შს სამინისტრომ რეაგირება მოახდინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებით ეს გუშინ გახდა ცნობილი და მთელი ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიდიოდა ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რომ ეს ფაქტი მიჩქმალულიყო და, ბუნებრივია, ეს თანამდებობრივი დანაშაულია. გარდა ამისა, პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა ისეთი ბრალდება, რომელიც სასამართლოს სხვა გზას არ უტოვებდა, გირაოს გამოყენების გარდა, მაშინ, როცა ყველანაირი სისხლისსამართლებრივი ნიშანი არსებობს იმისა, რომ ეს საქმე დაკვალიფიცირებულიყო მკვლელობის მცდელობად. ამაზე მეტყველებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ამაზე მეტყველებს თვითონ ნათესავების და ოჯახის წევრების ჩვენებები, დაზარალებულის ჩვენება და ა.შ.”
მისივე მტკიცებით, შსს საკუთარ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს. მისივე თქმით, სამინისტრო პოლიციელებს ახალისებს, რომ თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბონ:
“ფაქტია, რომ შს სამინისტროს სამართალდამცავი ორგანოები არაკეთილსინდისიერად იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, რეალურად ჩქმალავენ იმ ფაქტებს, რომლებსაც რეალურად ჰქონდა ადგილი და იყენებენ თავიანთ თანამდებობრივ მდგომარეობას იმისთვის, რომ დააფარონ ხელი თავიანთ მაღალჩინოსნებს. ასე იყო ხვედელიძის შემთხვევაში, ასე იყო გელაძის შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, წახალისებას უკეთებს სხვა პოლიციელებს, რომ გადააჭარბონ თავიანთ უფლებამოსილებას, ან ბოროტად გამოიყენონ ის.”
შეფასებისას უფრო მკაცრია უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი კანდელაკი. კანდელაკი აცხადებს, რომ შს სამინისტროში შევარდნაძის პერიოდის განუკითხაობა დაბრუნდა:
“ეს შემთხვევა მიგვანიშნებს საგანგაშო ტენდეციაზე, რომ შს სამინისტროში, ფაქტობრივად, დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდის განუკითხაობა, კახა თარგამაძის დროინდელი განუკითხაობა, როცა შს სამინისტროს მართავენ კლანები, ფაქტიურად. დღესდღეობით საუბარი არის თამაზაშვილის და ალავიძის კლანებზე და მაღალჩინოსნებს აქვთ ფაქტიური იმუნიტეტი ნებისმიერ დანაშაულზე. აი, ეს არის, სამწუხაროდ, რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ ჩვენი ის კოლეგები, რომლებიც გამოდიოდნენ ადამიანის უფლებების დაცვის დროშით, დღეს, სამწუხაროდ, არიან პირში წყალჩაგუბებული.”
თბილისის საქალაქო სასამართლოს გამარტებით, ბრალდებულ გელაძის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები:
“შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ დავით გელაძე გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში და მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო განჩინების გარეშე, პირის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც წარმოადგენს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველს. ასევე, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე.”