”სამკვირიანი პაუზის შემდეგ დღეს მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, სოფლის რწმუნებულს, ადგილობრივ და სტუმრად ჩამოსულ მუსულმან ლიდერებს. რეალურად, პრობლემა არ იყო იმდენად რთული, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა და მუსლიმთა თემი შეთანხმდნენ, რომ მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება. ჩვენ ვენდობით ადგილობრივ მმართველობას, ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარება საჭირო იყო, თუმცა, გვჯერა, რომ ამგვარი საკითხების ეფექტურად და გართულებების გარეშე მოგვარება სწორედ ადგილობრივ მმართველობას შეუძლია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, მინისტრის ჩასვლა ადგილობრივი მუსლიმებისთვის დიდი სტიმული იყო:
“დღეს ლოცვაზე ვიყავით ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვეწვია ბატონი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც. ის მართლმადიდებელ მოსახლეობას გაესაუბრა და დააფიქსირა თავისი აზრი და თქვა, რომ ერთი მუსლიმიც რომ ცხოვრობდეს სოფელში, მას უნდა ჰქონდეს ლოცვის უფლება, ეს ძალიან დიდი სტიმული იყო ადგილობრივი მუსლიმებისთვის, რადგან მათ აქვთ სტრესი, ადგილობრივები დღეს ლოცვას არ ესწრებოდნენ”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
მისივე თქმით, მკვეთრი აგრესია დღეს მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა:
“ისეთი მკვეთრი აგრესიულობა, რომელიც ჩვენ აქამდე გვხვდებოდა, დღეს არ ყოფილა, იყო უბრალოდ კითხვები სამლოცველოსთან დაკავშირებით. ბატონი პაატა მოსახლეობას გაესაუბრა, ამის შემდეგ ის ჩვენთან ერთად დაესწრო ლოცვას და ჩვენ როდესაც წამოვედით, ისიც წავიდა. რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვენ ჩამოვალთ ამ სოფელში და შევასრულებთ ლოცვას, რათა ადგილობრივებს მიეცეთ იმედი, მიხვდნენ, რომ მათ იცავთ სახელმწიფო და მეორე მხარეც ალბათ დაინახავს, რომ მათი მხრიდან წინააღმდეგობა არის კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” მიერ შეძენილ სახლში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულების საშუალება 24 მაისის შემდეგ არ ეძლეოდათ. მანამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა.