ახალი ამბები

ქორთოშიძე: მიკაელ კადიევი ჩემი შვილის სახლში 2–3 კვირა ცხოვრობდა

14 ივნისი, 2013 •
ქორთოშიძე: მიკაელ კადიევი ჩემი შვილის სახლში 2–3 კვირა ცხოვრობდა

ზაურ ქორთოშიძემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა,  რომ ტერაქტის მცდელობისთვის 2013 წლის  13 ივნისს დაკავებული მიკაელ კადიევი 2012 წელს, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, მისი შვილის, თორნიკე ქორთოშიძის ბინით სარგებლობდა. მისი ვაჟი იმ დროისთვის მივლინებაში იმყოფებოდა და ბინა დაკეტილი იყო. 

ქორთოშიძე აცხადებს, 2011 წელს მას დაღესტნიდან დაუკავშირდნენ მამის ახლობლები და სთხოვეს, რომ ფინანსური დახმარება გაეწია ახალგაზრდა მოჭიდავისთვის, რომელიც იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა. ეს დახმარება შეადგენდა 100-150 დოლარს, რომელიც მას სესხად უნდა მიეცა. სწორედ მაშინ შედგა შეხვედრა ზაურ ქორთოშიძესა და კადიევს შორის. რამდენიმე თვის შემდეგ ნათესავებმა კიდევ ერთხელ დაურეკეს ზაურ ქორთოშიძეს და სთხოვეს, რომ კადიევს ბინის დაქირავებაში დახმარებოდა. ქართოშიძის ინფორმაციით, მაშინ კადიევი “ფალავნთა კლუბში” დადიოდა და ვარჯიშობდა. მას დროებით დაუთმეს ზაურ ქორთოშიძის ვაჟის ბინა. 

 

“მიკაელ კადიევი ვნახე 2012 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში 20 წუთით სულ. ამ პიროვნებამ დაყო თორნიკეს სახლში, ჩიტაძეზე, ალბათ, ორი–სამი კვირა ან ერთ თვე. ამ ბინაში დგას სათვალთალო კამერები და ყველა შემსვლელ–გამსვლელს აფიქსირებს. ჩვენ თუ ვიცოდით, რომ ეს იყო ტერორისტი, ძებნილი, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი მიიყვანს ადამინს ბინაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება.   “

 

მიისვე თქმით, როდესაც პირველად შეხვდა კადიევს, მან უთხრა, რომ პასპორტი დაკარგული ჰქონდა და დაღესტნიდან დოკუმენტებს ელოდებოდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. 2013 წლის 13 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ  საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 13 ივნისს, გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები- მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

 
მათი დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.
 
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების – ხელშემწყობებისა და მფარველების – გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე, საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.
 
მოგვიანებით, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში დაადასტურა, რომ  შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ. 
“ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე: “ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ შსს-ს მიერ დაკავებული მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, მისი პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია “თუშეთის” მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ?”, გიორგობიანმა განაცხადა: “დიახ, მე გიდასტურებთ, რომ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში. ეს პიროვნება უკვე დაკითხულია ჩვენ მიერ და მან ამის შესახებ განუცხადა უკვე გამოძიებას”.
 
შემდეგ კი ნინო გიორგობიანის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა. 

 

 

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი