უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ გია ნოდია, ნინო როდონაია, თათა ცოფურაშვილი, გიორგი გახელაძე და ა.შ.
აქციის მონაწილეთა თქმით, წინა ხელისუფლებამ უკვე შეაჩვია საზოგადოება, რომ გადაწყვეტილებები ხმაამოუღებლივ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა.
“იმიტომ გადავირჩიეთ წინა ხელისუფლება, რომ აღარ გვინდოდა მათ მიერ განსაზღვრული ცხოვრების წესით გვეცხოვრა, გვინდოდა, ჩვენც მიგვეღო მონაწილება ცხოვრების წესის შექმნაში. ახალი ხელისუფლება აგრძელებს მსგავს ქმედებებს, ჩვენთვის გაუგებარია, რა შეიცვალა ამ ქვეყანაში. როგორმე იქნებ გადმოგვცენ ავტონომია და გვენდონ, რომ როგორმე ჩვენ თვითნ ვისწავლით, როგორ ვმართოთ საკუთარი თავი. არის ორი ფუნდამენტური პრობლემა. პირველი არის პროცედურული პრობლემა, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტების ბედი წყდება, არავინ უნივერსიტეტებს არ ესაუბრება არც წინასწარ, არც შემდგომ. არ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება იმ ხალხთან ერთად, ვის პრობლემებსაც აგვარებს ეს კანონი. ამ ხალხს არ ეკითხებიან, როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება, და მიიჩნევენ, რომ კაბინეტებში შეუძლიათ ამის მოფიქრება. იმის გამო, რომ თავად უნივერსიტეტები, პროფესორები, სტუდენტები არ არიან ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში, რა თქმა უნდა, გამოსავალი, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, არის არაადეკვატური,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა, განათლების სამინისტროსთან მოსვლამდე, ჭავჭავაძის გამზრიზე, სავალ ნაწილებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.