ირანის ისლამური რესპუბლიკის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება თბილისსა და ბათუმში შეუძლიათ.
თბილისში საარჩევნო უბანი ტაშკენტის #37–ში, ირანულ სკოლაშია გახსნილი, ხოლო ბათუმში ხმის მიცემა ევროპის მოედანზე, ირანის გენერალური საკონსულოს ოფისში მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. როგორც ირანის ელჩის მეორე მოადგილე ამირ მოჰამადი აცხადებს, მათთვის უცნობია, თუ ირანის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში:
“ამ რიცხვის დადგენაში ეს არჩევნებიც დაგვეხმარება. ირანში მიმდინარეობს როგორც საპრეზიდენტო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა საქართველოში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, პრეზიდენტის შეცვლის შემთხვევაში საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება და კვლავ მეგობრულ თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ამირ მოჰამიდმა.
ირანის რიგით მეთერთმეტე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ექვსი კანდიდატი უპირისპირდება. მოქალაქეები პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ.