ახალი ამბები

ომბუდსმენი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება

14 ივნისი, 2013 •
ომბუდსმენი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება

“1995 წელს, სწორედ ამ დღეს იქნა მიღებული საქართველოს კანონი ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ. მისი აღნიშვნის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობის წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა.

 

მიმდინარე წლის საქართველოს სახალხო დამცველის  ანგარიშში სამი თავი ეთმობა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორიგნს: 1) შშმ პირთა უფლებები საქართველოში, 2) შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორიგი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 3) შშმ პირთა მდგომარეობა დახურული ტიპის დაწესებულებებში. მომზადდა არაერთი რეკომენდაცია სხვადასხვა მიმართულებით მართლმსაჯულებისა და სასამართლოების ხელმისაწვდომობის, რეაბილიტაციის პროგრამებში შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების, საკანონმდებლო ბაზის გადახედვისა და ცალკეული უფლება-დარღვევების თაობაზე.

 

მიმდინარეობს პროექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებებისა და პრობლემების კვლევის მიმართულებით, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით. იგეგმება მათი მიტოვების პრევენციის, დეინსტიტუციონალიზაციის, ალტერნატიული სერვისების განვითარების (დღის ცენტრი, თემზე დაფუძვნებული სერვისები, რეაბილიტაციის და სხვა) ხელშეწყობის, ჯანდაცვისა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით აქტიური მონიტორინგის, კვლევებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

 

საქართველოს სახალხო დამცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში ეყრდნობა რა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ დანერგილ „წყვილ–მიდგომას“ (Twin-track approach – რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინებას და განხორციელებას (მეინსტრიმინგი) ყველა ინიციატივასა თუ პროექტში), მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები დაცული იყოს ადამიანის უფლებების ყველა არსებული კონვენციის რეალიზაციის ფარგლებში, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობები შესაძლოა გააჩნდეს საერთო პოპულაციის ყველა სოციალურ ჯგუფს; ამავე დროს, მხარს უჭერს გაერთიანებული ერების  2006 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებას, როგორც ამ მიზნით შექმნილ ყველაზე  სრულყოფილ სტანდარტს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდება აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება საქართველოს მიერ.

 

მიმდინარე წლის 11 ივნისს, საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების საკითხის საკომიტეტო განხილვებისას, აღმოჩენილ იქნა   საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტში წარდგენის პროცედურული ხარვეზები. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პაკეტის უმოკლეს დროში შესამუშავებლად, რათა შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის რატიფიცირება.

 

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან, რათა შედეგზე ორიენტირებული საქმიანობით მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ეფექტური დაცვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი