როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და გამიზნული პროვოკაციული ფორმულირება, რათა პრეზიდეტის სახელი რამენაირად დაუკავშირონ ამ საშინელ ფაქტებს. მისი თქმით, აღნიშნული პირი (ზაურ ქორთოშიძე) არ არის არც პრეზიდენტის პირადი მფრინავი და არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უშუალო თანამშრომელი. იგი არის სდსს-ის მიერ დაქირავებული კომპანიის „თუშეთი“ მფრინავი და ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სამხედროების მიმართ მუქარისშემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის საკითხების გადაფარვას.
ანდრო ბარნოვი
ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციას ეყრდნობოდა და “თალიბანის” სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების დამზადებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ადანაშაულებნენ.
“ეს არის ჭორების კამპანია, რომელიც დაიწყო ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული “ვითომ ინფორმაციით”, მეორე დღეს ეს აიტაცა მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა კოკა ყანდიაშვილმა. მომდევნო დღეს, საოცარია, მაგრამ ეს გაიმეორა თავად პრემიერ-მინისტრმა და დღეს ვხედავთ ამ სრულიად გაუგებარ, უპასუხისმგებლო ფორმულირებას. ეს ხდება, სამწუხაროდ, იმ ფონზე, როდესაც გამობრძანდა პრეზიდეტი პუტინი და გამოაცხადა, რომ თურმე საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები აპირებენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. ეჭვი მაქვს, ეს “მჭიდრო თანამშრომლობა” უკვე მიმდინარეობს…
„შსს არის ვალდებული და უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთოს ისეთი ფორმულირებები, რომელიც, ერთი მხრივ, არის ადეკვატური, და მეორე მხრივ, არ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ისინი დღეს ბოროტად სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ტალახში ამოსვარონ ოპოზიცია და პირადად საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის სრულიად დაუშვებელი“, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა და საზოგადოებას მოუწოდა, არ აყვეს მთავრობის პროვოკაციულ განცხადებებს და არავის მისცეს მისი შეცდომაში შეყვანის უფლება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. 2013 წლის 13 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 13 ივნისს, გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები- მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.
მათი დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების – ხელშემწყობებისა და მფარველების – გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე, საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.
მოგვიანებით, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში დაადასტურა, რომ
შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ.
“ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე: “ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ შსს-ს მიერ დაკავებული მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, მისი პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია “თუშეთის” მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ?”, გიორგობიანმა განაცხადა: “დიახ, მე გიდასტურებთ, რომ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში. ეს პიროვნება უკვე დაკითხულია ჩვენ მიერ და მან ამის შესახებ განუცხადა უკვე გამოძიებას”.
შემდეგ კი ნინო გიორგობიანის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა.