ახალი ამბები

ხიდაშელი: არ ვარ წინააღმდეგი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერმა დანიშნოს [Video]

13 ივნისი, 2013 • • 1399
ხიდაშელი: არ ვარ წინააღმდეგი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერმა დანიშნოს [Video]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არასწორია, როცა კანონპროექტის ერთი მუხლის გამო მთელ კანონპროექტზე უარს ამბობ პირველი მოსენის დროს:

 

“ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. მე ვაპირებ, რომ  მეორედ მოსმენის წინ იმ მუხლზე, რომელიც შეეხება რექტორების დანიშვნის წესს, იყოს ცალკე კენჭისყრა. დანარჩენთან დაკავშირებით არც არავისგან მომისმენია რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები და, ბუნებრივია, არც მე არ მაქვს და მე, რა თქმა უნდა, ვემხრობი და ვეთანხმები იმ რეფორმას, რომლის განხორციელებაც დაიწყო. ნამდვილად და აბსოლუტურად ცალსახად ვამბობ, რომ ვეთანხმები აკადემიური ხარისხების ნაწილშიც. არა მგონია, რომ უნივერსიტეტი არის ის დაწესებულება, სადაც ყველას, ნებისმიერი განათლებით და ნებისმიერი აკადემიური მოსწრებით, ჰქონდეს უფლება იყოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე, როდესაც გიწევს ურთიერთობა პროფესურასთან და ასევე სწავლას მოწყურებულ სტუდენტებთან, რომლებიც შენგან ელოდებიან გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ, ჩემნაირი და თქვენნაირი და რიგითი დიპლომის მქონე ადამიანებისგან.”

 

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი ვერსია იმ დეპუტატებისთვის, ვინც პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს,  არის ის, რომ მეორე მოსმენისას ერთად მოითხოვონ კანონპროექტს ამ ერთი მუხლის გარეშე ეყაროს კენჭი, ამ მუხლს კი – ცალკე.

 

უმრავლესობის წევრი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ამჟამად მოქმედ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონს ახსენებს:

 

“იმ ფარისევლებისთვის, რომლებიც დღეს დიდ პროტესტში არიან ჩავარდნილი, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ჯერ კიდევ წერია ის მუხლი, რომლითაც უნივერსიტეტის რექტორებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ეს ისე, შეხსენებისთვის. ეს არ არის არაფრის გამართლება და ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ, მაგრამ ეს უბრალოდ იმათთვის, რომლებიც დღეს ისტერიაში ჩავარდნილია, რომ ვაიმე, თურმე უნივერსიტეტს ავტონომიას უკლავენ.”

 

ხიდაშელის თქმით, ამჟამად მოქმედი კანონი ყველაფერია გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტს ავტონომია და თავისუფლება აქვს:

 

“მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ცვლილებები შემოსულიყო, მაგრამ ვიცი, რომ დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ცვლილების შემოსვლა იმიტომ, რომ ძალიან ცუდი კანონი გვაქვს ჩვენ და მას არაფერი საერთო ავტონომიასთან არა აქვს. სანამ განცხადებას გავაკეთებთ, რომ უნივერსიტეტს ავტონომიას ართმევენ, ავტონომია უნდა გქონდეს იმისთვის, რომ წაგართვან და საქართველოს “უმაღლეს განათლების შესახებ” კანონი ყველაფერია გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტს რაიმეს ავტონომია და თავისუფლება აქვს.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წინააღმდეგი არაა, თუმცა, მისივე განმარტებით, საჭიროა განისაზღვროს, თუ რა ვადით ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შემსრულებელს:

 

“მე პრობლემა სხვა რამესთან მაქვს, რომ არ არის გათვალისწინებული იმ მუხლში, სადაც ამაზეა საუბარი, რა ვადით ინიშნება. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადა. ამის დამატება ჭირდება კანონპროექტს, იქვე უნდა ეწეროს, არ ვიცი, 3 თვით ხდება ეს, თუ 6 თვით, თუ რა ხნით, ცოტა ხნით უნდა იყოს, როგორც დროებითი ღონისძიება, მანამ, სანამ უკვე ჩვეულებრივი და სტანდარტული წესით, ანუ უნივერსიტეტის წიაღში მოხდება ეს არჩევნები. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ მოვალეობის  შემსრულებელი დანიშნოს პრემიერმა, ოღონდ ჩემი მოთხოვნა იქნება, როდესაც ამ საკითხს დავაყენებ, რომ ეს იყოს დროში ძალიან ვიწროდ შეზღუდული უფლებამოსილება და უნივერსიტეტებმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ საარჩევნო კამპანია, თუ რაც გინდა დავარქვათ, იმისთვის, რომ ახალი რექტორი იყოს უკვე არჩეული.”

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, თუ, რატომ არ იყო  ვადა განსაზღვრული პირველი მოსენისას. სანიკიძის თქმით, დეპუტატები და მთავრობა შეთანხმდნენ და ვადა 6 თვით განისაზღვრა:

 

“ჩვენ განვსაზღვრეთ, შევთანხმდით და ვადა იქნება არაუმეტეს 6 თვისა, თუმცა უნივერსიტეტებს თავისი წესდებით ისედაც აქვთ ეს განსაზღვრული და მათი ვადები ბევრად უფრო მცირეა და რეალურად იმიტომ იყო თავდაპირველად, რომ ჩვენ არ მივუთითეთ ვადა, რადგან უნივერსიტეტების წესდებით ეს უკვე იყო განსაზღვრული. დაახლოებით 2-3 თვის ვადაში ისინი, როგორც წესი, პრაქტიკიდან გამომდინარე ატარებენ არჩევნებს.”  

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი