ახალი ამბები

TI-ს ანგარიში: საჩივრების 2/3 ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო აღრიცხვას უკავშირდება

22 ოქტომბერი, 2017 • 2129
TI-ს ანგარიში: საჩივრების 2/3 ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო აღრიცხვას უკავშირდება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, ჯამში, 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღრიცხეს; აქედან 114-ზე საჩივრები დაიწერა.

ანგარიშის მიხედვით, დარღვევათა 2/3 საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა, რაზეც ქვეყნის მასშტაბით 106 საჩივარი დაიწერა. TI მსგავსი შემთხვევების გახშირებას ახალ პრობლემურ ტენდენციად აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პროცედურებს ძირითადად “ქართული ოცნებისა” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები ახორციელებდნენ.

“კენჭისყრის დროს პარტიების წარმომადგენლები იდგნენ ან ისხდნენ რეგისრატორთან იმდენად ახლოს, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან თავისუფლად ამოეწერათ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები/პირადი ნომრები, რაც შეიძლება აღქმულ იქნას კომისიის საქმიანობაში ჩარევად. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, დაუშვებელია პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავება კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის გარეშე”, – აღნიშნულია ანგარიშში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წლევანდელ არჩევნებზე გამოიკვეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია იყო, რაც მათი მხრიდან “აგრესიულ და არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებაში” გამოიხატებოდა. ანგარიშში საუბარია საჩივრების რეგისტრაციის პრობლემაზეც, რომელიც TI-ს წარმომადგენლებს 15 უბანზე შეექმნათ:

“საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხით სერიოზული კითხვები კვლავ რჩება და ამ მხრივ წლების განმავლობაში დადებითი ძვრები არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს, კომისიის წევრების წრთვნის ტრადიციული მეთოდები არ არის საკმარისად ეფექტური”.

ანგარიშის ავტორების ცნობით, პრობლემად რჩება დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა; კერძოდ, საუბარია ორგანიზაციის დამკვირვებლებზე ზეწოლისა და მათთვის სიტყვიერი შეუარცხყოფის მიყენების ცალკეულ შემთხვევებზე, ასევე, ჩუღურეთის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელის უბნიდან გამოძევებაზე კომისიის თავმჯდომარის მიერ. ანგარიშში აღნიშნულია “ლიბერალის” რედაქტორ დათო გამისონიასთვის უბანზე შეკრებილი პირების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გაქტზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამ და სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეკომენდაციებსაც აძლევს, რომლებიც ასე გამოიყურება:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან მოსული ამომრჩევლის კანონთან შეუსაბამო მეთოდებით აღრიცხვის საკითხზე. დაუშვებელია ამომრჩევლის აღრიცხვისას მათი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და ზეწოლის საფრთხე შეიქმნას;
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად;
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემო და არ დაუშვას მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან;
  • პოლიციამ გამოძიება უნდა დაიწყოს „ლიბერალის” ახალი ამბების რედაქტორის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კვალიფიკაციით;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა შეისწავლოს ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის მასობრივად შეგროვების ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 250 ადგილობრივი დამკვირვებლით იყო წარმოადგენილი. საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც აკვირდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი