ახალი ამბები

ჟორჟოლიანი: უნივერსიტეტის ავტონომიაზე დისკუსიაში დამნაშავეები შემოდიან [Video]

13 ივნისი, 2013 •
ჟორჟოლიანი: უნივერსიტეტის ავტონომიაზე დისკუსიაში დამნაშავეები შემოდიან [Video]

აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში უნივერსიტეტის ავტონომია შეიზღუდება. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ეს საუბარი აბსოლუტური უაზრობაა:

 

“ის, რაც არ არსებობს, იმის შეზღუდვა შეუძლებელია,”- ამბობს ჟორჟოლიანი.

 

დეპუტატი, ასევე, აცხადებს, რომ უმაღლელეს განათლების სისტემაში და მეცნიერებაში არსებული ვითარება ქირურგიულ ჩარევას, რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს.

 

ჟორჟოლიანის თქმით, უნივერსიტეტები ქვეყანას უნდა დაუბრუნდნენ:

 

“უნივერსიტეტები იყვნენ იზოლირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან, უნივერსიტეტები მოწყვეტილი იყვნენ საზოგადოებასა და ეკონომიკას, უნდა დაუბრუნდნენ ამას. მაღალკვაფიციური ხალხი უნდა იყოს, ვინც უნივერსიტეტში ასწვლის, ხარისხი უნდა აიწიოს მაქსიმალურად, ძალიან სერიოზული ცვლილებები არის განსახორციელებელი. ეს არის რეფორმა, რომელიც მოითხოვს რამდენიმე წელიწადს.”

 

დეპუტატის თქმით, ამ გზაზე გუშინ მიღებული კანონპროექტი ერთი ნაბიჯია:

 

“ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ეს ჩარევა კანონებით ვერ განხორციელდება მხოლოდ, ამ ჩარევისთვის საჭიროა ადგილებზე კონკრეტული პოლიტიკის განხორციელება, იმ პოლიტიკის, რაც მე ვთქვი. ამისთვის საჭიროა  შესაბამისი კადრების შერჩევა, კადრები ბევრი არ გვყავს, სამწუხაროდ, და ძალიან სერიოზული რეფორმა გვაქვს გასატარებელი.”

 

ჟორჟოლიანის აზრით, აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე დისკუსია უაზროა:

 

“ეს დისკუსია აბსოლუტურად უაზროა, ჩვენ ამ დღის წესრიგს არ უნდა წავყვეთ. ე.ი. დამნაშავეები, რომლებმაც დაანგრიეს, არავის არ ჰკითხეს არაფერი, ისე დაანგრიეს ის ნარჩენებიც კი, რაც არსებობდა, დღეს დისკუსიაში შემოდიან ავტონომიაზე. მე მგონია, რომ ეს არის შეურაცხყოფა ქართული მეცნიერებისა მთლიანად. შაშკინს როგორ შეუძლია ამაზე ილაპარაკოს? როგორ შეუძლიათ ამაზე ილაპარაკონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ერთი სიტყვა არ კითხეს მათ მიერვე შექმნილ სახელმწიფო კომისიას, ისე გააუქმეს სამეცნიერო ინსტიტუტები, ჩაატარეს აბსოლუტურად მანიპულირებადი არჩევნები.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე აცხადებს, რომ კრიტიკული აზრის მოსმენა კარგია, თუმცა ეს არ შეიძლება “მონოპოლიზებული დამნაშავე რეჟიმის დამქაშების” მიერ:

 

“სამწუხაროდ, ჩვენი მედია რაიმე პოლიტიკის ოპონენტებად ან კრიტიკული აზრის წარმომთქმელებად მიიჩნევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს 40 % პარლამენტში დაკავებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაყალბების შედეგად, მანიპულაციის შედეგად.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რომ ავტონომიასთან დაკავშირებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები საუბრობენ და პეტიციაც  შეადგინეს, ჟორჟოლიანი ამბობს:

 

“მე იმედი მაქვს, ბევრი მათგანი მიხვდება, რა შეცდომაში და რა ვითარებაშია დღეს, სად იმყოფება, გაიგებს ამას, თვალები აეხილება და არავინ არაფერს არ ძალადობს არავისზე, რა. კი, ბატონო, იყვნენ და განავითარონ ის მიმართულებები, რომლებსაც ავითარებდნენ. ოღონდ ისე არა, როგორც მაგათ უნდათ, შენობების ჩუქებით, ასე ვთქვათ, მონოპოლიზებით, სხვა უნივერსიტეტების მანიპულირებით და ა.შ.”

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი