ახალი ამბები

ქრთამის აღებისთვის შვიდი რწმუნებული დააკავეს

13 ივნისი, 2013 •
ქრთამის აღებისთვის შვიდი რწმუნებული დააკავეს

დაკავებულებს შორის არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი, რომლებმაც, შსს–ს ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 000 ლარი აიღეს.

 

ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავეს: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდას რწმუნებული ირაკლი ხირდაევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის რწმუნებული დავით სუხიაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშას რწმუნებული გელა შიოლაშვილი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯის რწმუნებული ჰოვჰანნეს თევანიანი და ქრთამის აღებაში მონაწილე პირი მანველ აბრაგიანი

.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 11-12 ივნისს აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, შეადგინეს და ყალბი ცნობა გასცეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შესახებ, რის სანაცვლოდაც მათ ქრთამის სახით აიღეს გარკვეული თანხები. ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება ანალოგიურ და სხვა კორუფციულ სქემებში ჩართული საჯარო მოხელეების მხილების მიზნით”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი