ახალი ამბები

პარლამენტი პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

13 ივნისი, 2013 • • 944
პარლამენტი  პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვას ხელს შეუწყობს:

 

“კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას. ეს იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება მუშაობა ამ საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბებისთვის და შემდეგ უკვე კომიტეტი შემოვა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით და გაივლის სათანადო პროცედურებს.”

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო წინადადება მყარ გარანტიებს იძლევა:

 

“ძალიან კარგი ინიციატივაა. საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას მეტი გარანტიები, რათა თვითნებურად არ მოხდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, ჩარევის შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდეს კანონი. პრევენციის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, როდესაც კანონი გამართულია და არ იძლევა ხარვეზების საშუალებას, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს. ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და ასევე, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები დაეკისროს ფარული ღონისძიებების განმახორციელებელ პირებს. ამის შემდეგ შეიქმნება გაცილებით მყარი გარანტიები, რათა ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა არ მოხდეს და თუ მოხდება, იქნება ძალიან მკაცრი სანქცია.”

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ შიშები აღარ გვექნება:

 

“კანონპროექტის მიღების შედეგად იცვლება ბევრი რამე. იცვლება ის, რომ მომავალში არ გვექნება განცდა და შიში, რომ ვიღაც გვისმენს, ვიღაც ჩვენს მაილს კითხულობს, ვიღაც გვითვალთვალებს, ეს ავადმყოფური გარემო, რომელიც საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში იყო, შეიცვლება, თუ იქნება კარგი კანონები მიღებული. დღეს გადაიდგა კარგი ნაბიჯი წინ და იმედი მაქვს, სწრაფად მოხდება ამ კანონების მიღება პარლამენტის მიერ. შეიძლება ძველი მასალები განადგურდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ ჩვენ, მოქალაქეები ვიყოთ დაცულები, რომ ჩვენს ცხოვრებაში ცხვირს არავინ არ ჩაყოფს.”

 

წინადადების თანახმად, „ფარული თვალთვალისა და მიყურადების განხორციელება შესაძლებელი უნდა გახდეს მხოლოდ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, რომელიც მოსამართლის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით. განადგურდეს არა მხოლოდ პირის მაკომპრომატირებელი ცნობები, არამედ პირადი ინფორმაციის შემცველი ცნობები. იმ ინფორმაციის განადგურების შესახებ, რომელიც არ ეხება დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს პირადი ცხოვრების შესახებ, ეცნობოს არა მხოლოდ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, არამედ მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ, ან მიიღო დადგენილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ. ინფორმაციის განადგურების შესახებ შედგეს აქტი, რომელსაც ხელს აწერს ინფორმაციის განადგურებაზე პასუხისმგებელი და ზედამხედველობის განმახორციელებელი პირები“.

 

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, “დანაშაულის გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აიკრძალოს, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნება, ასევე, მათი შენახვა. სისხლის სამართლის დანაშაულად იყოს აღიარებული არა მხოლოდ პირადი და ოჯახური საიდუმლოს, არამედ პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლების ხელყოფა. გამკაცრდეს სასჯელი აღნიშნული უფლებების ხელყოფისათვის, კერძოდ, დამამძიმებელი გარემოებით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 3 წლისა, განისაზღვროს 5 წლით. დამამძიმებელ გარემოებად იყოს მიჩნეული აღნიშნული დანაშაულის ჩადენა პოლიტიკური მოტივით, ასევე, დამამძიმებელ გარემოებად იყოს მიჩნეული კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტის მიერ. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტი ვალდებული იყოს დაუყოვნებლივ გაანადგუროს საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია. გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება და ანგარიშვალდებულება, ასევე, მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა პერსონალურ ინფორმაციასთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს პარლამენტმა და ინსპექტორი მთავრობასთან ერთად ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი