„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მასობრივად ხორციელდებოდა ფარული თვალთვალი და საქართველოს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევა. საკანონმდებლო ხარვეზები ხელს უწყობდა აღნიშნული უფლების მასობრივ ხელყოფას,“ – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
წინადადების თანახმად, „ფარული თვალთვალისა და მიყურადების განხორციელება შესაძლებელი უნდა გახდეს მხოლოდ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, რომელიც მოსამართლის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით. განადგურდეს არა მხოლოდ პირის მაკომპრომატირებელი ცნობები, არამედ პირადი ინფორმაციის შემცველი ცნობები. იმ ინფორმაციის განადგურების შესახებ, რომელიც არ ეხება დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს პირადი ცხოვრების შესახებ, ეცნობოს არა მხოლოდ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, არამედ მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ, ან მიიღო დადგენილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ. ინფორმაციის განადგურების შესახებ შედგეს აქტი, რომელსაც ხელს აწერს ინფორმაციის განადგურებაზე პასუხისმგებელი და ზედამხედველობის განმახორციელებელი პირები“.
გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, “დანაშაულის გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აიკრძალოს, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნება, ასევე, მათი შენახვა. სისხლის სამართლის დანაშაულად იყოს აღიარებული არა მხოლოდ პირადი და ოჯახური საიდუმლოს, არამედ პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლების ხელყოფა. გამკაცრდეს სასჯელი აღნიშნული უფლებების ხელყოფისათვის, კერძოდ, დამამძიმებელი გარემოებით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 3 წლისა, განისაზღვროს 5 წლით. დამამძიმებელ გარემოებად იყოს მიჩნეული აღნიშნული დანაშაულის ჩადენა პოლიტიკური მოტივით, ასევე დამამძიმებელ გარემოებად იყოს მიჩნეული კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტის მიერ. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტი ვალდებული იყოს დაუყოვნებლივ გაანადგუროს საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია. გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება და ანგარიშვალდებულება, ასევე, მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა პერსონალურ ინფორმაციასთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს პარლამენტმა და ინსპექტორი მთავრობასთან ერთად ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე.”
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.