ახალი ამბები

უგულავა: II ტურს ველოდებით 4 ოლქში, სადაც ევროპული საქართველო იქნება წარმოდგენილი

21 ოქტომბერი, 2017 • 3030
უგულავა: II ტურს ველოდებით 4 ოლქში, სადაც ევროპული საქართველო იქნება წარმოდგენილი

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მას არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ეგზიტპოლის შედეგებში. თუმცა ამბობს, რომ პარტიის მონაცემებით, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერთა რაოდენობა პროცენტებში ორნიშნა რიცხვია:

“მაღალი ალბათობით მეორე ტური შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნუ გადავწურავთ ამის შესაძლებლობას. თუ ოპოზიციური კანდიდატი ამ შემთხვევაში იქნება ალეკო თუ ზალიკო, მეორე ტურში ჩვენ მხარს დავუჭერთ იმიტომ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა”, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო ვარაუდობს რამდენიმე ოლქში მეორე ტურს:

“ჩვენ ვვარაუდობთ სხვა 4-5 ოლქში მეორე ტურს, სადაც ევროპული საქართველო იქნება წარმოდგენილი, ესენია ხონი, მარნეული, ადიგენი და ახალციხე. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა. ბოლოს, რაც შეეხება ციფრებს, მე მაინც დაველოდებოდი ცესკოს მონაცემებს, ვინაიდან ჩვენი მონაცემით  ორნიშნა პროცენტია თბილისში პარტიისაც და ელენესიც,” – განაცხადა უგულავამ.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ ხმათა 54% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა – 15%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა – 14%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ- 7%; დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა კახა კუკავამ – 3%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა – 3%, ახალი საქართველოს კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ – 2%, ლეიბოროსტული პარტიის კანდიდატმა გიორგი გუგავამ – 1%.

პარტიების შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 58%, ენმ – 16%, ევროპულმა საქართველომ – 9%, სპა – 5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი