ახალი ამბები

წულუკიანი: მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას” დასერიოზულდნენ

13 ივნისი, 2013 • 912
წულუკიანი: მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას” დასერიოზულდნენ

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის პროცესიდან თითქმის დღემდე მოყოლებული ამბობდნენ, რომ საბჭოს წევრები 2/3-ით უნდა არჩეულიყვნენ. როდესაც ორ წევრზე 2/3-ით არჩევის წესს დაეთანხმა პარლამენტი, ნაცმოძრაობამ პარლამენტის დარბაზი დატოვა. ჩვენ ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ რეალურად 2 ოქტომბრის შემდეგ მათ მიერ გრძელდება სახელმწიფო საბოტაჟი. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება მათი პრიორიტეტი არასდროს ყოფილა და არც დღეს არის. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ პარლამენტის უმრავლესობა 4 წევრს აირჩევს, დანარჩენ 2 წევრზე კი მე მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას”, დასერიოზულდნენ და მართლმსაჯულება აქციონ საკუთარი პოლიტიკის პრიორიტეტად, რომ ექვსი წევრი შევიდეს საბჭოში”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრს ირჩევს პარლამენტი, მათ შორის 2-ს კი – ხმების 2/3-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედ პარლამენტში ამ ორი წევრის ასარჩევად აუცილებელია “ნაციონალური მოძრაობის” ხმებიც. გუშინ, 12 ივნისს, “ნაცმოძრაობამ” არ მიიღო მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრაში, რაც იმით ახსნეს, რომ უმრავლესობამ მათთან ამ საკითხებზე კონსულტაციებზ უარი თქვეს. საბოლოოდ, პარლამენტმა კენჭი უყარა კანდიდატებს, რის შემდეგაც გამოიკვეთა 12 კანდიდატი, რომლებსაც პარლამენტი მეორე ტურში უყრის კენჭს ხვალ, 14 ივნისს.

 

ამ 12 კანდიდატს შორის არც ერთი არაა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მხარდაჭერილი. საპარლამენტო უმცირესობამ გუშინვე დაასახელა ექვსი სავარუდო კანდიდატი, რომელთა მხარდაჭერასაც ისინი აპირებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი