ახალი ამბები

ელისაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა და ცესკოს მონაცემებს ელოდება

21 ოქტომბერი, 2017 • 2018
ელისაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა და ცესკოს მონაცემებს ელოდება

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი რუსთავი 2-ისა და იმედის ეგზიტპოლებს არ ენდობა და ხმის დათვლის შედეგს ელოდება.

“ეგზიტპოლები რომ ანეკდოტურია და ეგზიტპოლები რომ არასერიოზულია, მით უმეტეს, იმედის და რუსთავის ორის, ერთი უდუმაშვილის სასარგებლოდ დაწერს და მეორე კალაძის სასარგებლოდ. დაინტერესებული მხარეები არიან. ეგზიტპოლებს მე არ ველოდები. უბანი ახლა დაიხურა და მე ველოდები ხმის დათვლის შედეგებს. მაქვს ინფორმაცია. რომ ქართული ოცნების შტაბი კონკრეტული ციფრების დაწერას ცდილობს. მაგრამ ასე მარტივად არ ჩაივლის ეს ყველაფერი. ჯერ ხმის დათვლაც არ დაწყებულა და ერთი საათით ადრე ვიცოდი, რომ ასეთ რამეს აპირებდნენ. ვურჩევ, რომ კეთილგონიერება გამოიჩინონ”, – უთხრა ნეტგაზეთს ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია ქართული ოცნების შტაბიდან იცის.

მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მას არ აქვს ვარაუდი, თუ რამდენმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თავისი ხმებისთვის იბრძოლებს.

“მე ჯერ ხმის დათვლის და ჩემი დამკვირვებლების მონაცემებს ველოდები”, – აბობს მერობის კანდიდატი.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ ხმათა 54% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა – 15%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა – 14%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ- 7%; დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა კახა კუკავამ – 3%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა – 3%, ახალი საქართველოს კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ – 2%, ლეიბოროსტული პარტიის კანდიდატმა გიორგი გუგავამ – 1%.

მასალების გადაბეჭდვის წესი