ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, ქუთაისში მერის არჩევნებში ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

21 ოქტომბერი, 2017 • 2716
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, ქუთაისში მერის არჩევნებში ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისში მერის არჩევნებში ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 52% მიიღო, ენმი-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 26%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ – 8%, “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა გოგი წულაიამ – 7%, სპა-ს კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ – 3%, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა სამსონ გუგავამ- 2%, “ახალი საქართველოს” კანდიდატმა – ზვიად ბაღდავაძემ – 1%

პარტიების შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 53%, ენმ – 22%, ევროპულმა საქართველომ – 10%, დემოკრატიული მოძრაობა – 3%.

ედისონ რისერჩმა დღეს თბილისსა და ქუთაისში ჩაატარა ეგზიტპოლები „რუსთავი 2″-ის დაკვეთით. ეგზიტპოლის ცდომილება +/-3%-ია.

„რუსთავი 2″-ის დაკვეთით, „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლები 2010 და 2012 წლების არჩვენებზეც ჩაატარა.

2010 წელს Edison Research-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანიების, ”იმედის” და ”რუსთავი 2″ -ის დაკვეთით ჩაატარა. 12.951 გამოკითხულიდან 51 % -მა უარი განაცხადა პასუხზე. შედეგებში პასუხზე უარის გათვალისწინებით ცდომილება, Edison Research-ის მიხედვით, +/-2% უნდა ყოფილიყო.

ცდომილება ცესკოს და ეგზიტპოლის მონაცემებში  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიორგი უგულავას შემთხვევაში 4.77% იყო. ირაკლი ალასანიას შემთხვევაში თითქმის ემთხვეოდა მონაცემი და  2%-იანი ცდომილების გათვალისწინებით 2.05% იყო, ხოლო ზვიად ძიძიგურის შედეგები  Edison Research ცდომილების პროცენტზე  0.31%-ით მეტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი