ახალი ამბები

შს სამინისტრომ პარლამენტს სამი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

13 ივნისი, 2013 • • 1131
შს სამინისტრომ პარლამენტს სამი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

პირველი კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ პროექტია და ფარულ ჩანაწერებს ეხება:

 

„ამნისტია ეხება იმ პირებს, რომლებიც კომპიუტერული მონაცემების პირადი მიმოწერის ამახველ მასალებს, საფოსტო გზავნილებს, სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერებს და ა.შ. ეს იქნება ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული თუ გადაცემული შეტყობინება, რომელიც მათ ხელში აღმოჩნდა, იმ პირებს, რომელთა ხელში ასეთი ტიპის მასალაა, თუ ამ  კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გამოძიების ორგანოს წარუდგენენ ამ ტიპის მასალას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისგებისგან.“

 

ბესელია განმარტავს, რომ ეს ამნისტია მხოლოდ სს კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების დამრღვევებს შეეხება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული 2012 წლის დეკემბრამდე მოხდა:

 

„საუბარია არა იმ პირებზე, ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა, ისინი არ გათავისუფლდებიან, მათ მიმართ ამნისტია არ გავრცელდება და ასეთი რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემულია. საუბარია მხოლოდ იმ პირებზე, ვის ხელშიც ასეთი მასალა, რაიმე იმ ფორმით, რაც ჩამოთვლილია, აღმოჩნდება და ასევე, თუ ეს დანაშაული ჩადენილია 2012 წლის 21 დეკემბრამდე.“

 

შს სამინისტროს მეორე საკანონმდებლო წინადადება ნასამართლეობის მოხსნას შეეხება. ბესელია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პატიმრებმა ამნისტიის შედეგად ციხე დატოვეს, საქმე ნასამართლეობის მოხსნის არაერთგვაროვან პრაქტიკასთან გვაქვს:

 

„ეს პირები ინდივიდუალურად მიმართავდნენ სასამართლოს ნასამართლეობის მოხსნით. ამნისტიის აქტის შემდეგ და იგივე ეხება შეწყალების აქტსაც, ცხადია, უკვე ჩანს, რომ სასამართლომ  არერთგვაროვანი პრაქტიკა გამოიყენა. რიგ შემთხვევებში არის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მსჯავრდებულებს ეუბნებიან, რომ ნასამართლეობა გეხსნებათ, ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ არ გეხსნებათ. მოქალაქეები იყვნენ არათანაბარ პირობებში.”

 

ბესელია აცხადებს, რომ არათანაბარი პირობების აღმოფხვრას ეს კანონი  გამოიწვევს:

 

„ამ ცვლილებით ერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი იქნება ის, რაც კანონში ახლა წერია, ანუ, როდესაც პირი სასჯელისგან გათავისუფლდება, ხოლო ამნისტიის და შეწყალების აქტით გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა მოეხსნებათ ამნისტიის ან შეწყალების აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანუ აქტში პირდაპირ ჩაიწერება, რომ ამ პირებს ყველას ეხსნებათ ნასამართლეობა. ეს მნიშვნელოვანი რამ არის, რაც სასამართლო ხარვეზს აღმოფხვრის.“

 

რაც შეეხება მესამე საკანონმდებლო ინიციატივას, ის სისხლის სამართლის საქმეებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, როგორც ნივთმტკიცების ამოღებას ეხება:

 

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„ჩვენი კანონმდებლობით, თუ მესაკუთრე არ იბრუნებს, ან ვერ იბრუნებს, ან მესაკუთრის ვინაობა არის დაუდგენელი, ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება ავტომანქანა მიჩნეული იყოს ნივთმტკიცებად და შემდეგ მისი დაბრუნება ხდება შეუძლებელი. ასეთ დროს პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ ავტომანქანა გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში.“

 

ბესელიას თქმით, კანონპროექტით ამ კანონში შემდეგი ცვლილება შევა:

 

„პროკურორს დაეკისრება ვალდებულება, რომ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, რომელშიც დაინტერესებული პირებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეფასდება ყველა გარემოება და მიიღება გადაწყვეტილება, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის შესახებ, თუ მესაკუთრე არ აყენებს ასეთ მოთხოვნას, ან იმ პირისთვის გადაცემის შესახებ, რომელმაც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა და შეძენის მომენტში არ იცოდა, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილია დანაშაული.“

 

ბესელიას თქმით, აღნიშნულ საკანონმდელო წინადადებას პარლამენტში დაარეგისტრირებს.

 

„დღეს დაიწყება შესაბამისი პროცედურები კანონპროექტის დასარეგისტრირებლად.“

მასალების გადაბეჭდვის წესი