ლიბერალის რედაქტორს თბილისში, საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ლიბერალის რედაქტორი დათო გამისონია აცხადებს, რომ ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ლიბერალი” აქვეყნებს ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, რომ გამისონიამ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ ამომრჩეველთა მობილიზაციის ფაქტი გამოავლინა და ცდილობდა კომენტარის მოპოვებას, რის საპასუხოდაც დაიწყო უბანში შეკრებილმა ადამიანებმა მის მიმართ აგრესიის გამოვლენა.

ჟურნალისტის ცნობით, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ თამაზ გიორგაძე.

“პოლიცია ჩემი დარეკვის შემდეგ საკმაოდ სწრაფად მოვიდა. შემდეგ განყოფილებაში გამომკითხეს. იქვე გამოავლინეს ერთ-ერთი პირი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და რომელიც გადაღებაშიც ხელს მიშლიდა”, – უთხრა ნეტგაზეთს დათო გამისონიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო წინა საგამოძიებო მოქმედებები და “იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება”.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი