როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის თანახმად, ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეო არ წარმოადგენს ორიგინალს და შეიცავს ოცდახუთზე მეტ რედაქტირებას (ზემოქმედებას). აღნიშნული რედაქტირებები შესაძლოა განხორციელდა მიმდინარე რეჟიმში ე.წ კამერის რედაქტირებით ან/და შეიცვალა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩანაწერს გაუკეთდა ე.წ სტუდიური რედაქტირება.
აღნიშნული დასკვნის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც გააკეთა:
“ამ დასკვნის მიხედვით, რამდენიმე ათეული მონტაჟის კვალი შეინიშნება. ჩვენ ამ დასკვნას არ დავმალავთ, ეს შუალედური დასკვნაა და სრულ დასკვნასაც მივიღებთ, რომელსაც სასამართლოსაც გადავცემთ. მონტაჟი ნიშნავს იმას, რომ არსებული ვიდეომასალა არ არის გადაღებული უწყვეტ რეჟმში და ეს არის კადრების კომპილაცია. ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა ვიდეომასალის, როგორც მტკიცებულების, ვარგისიანობის დასადგენად გვჭირდებოდა, ანუ უნდა გვცოდნოდა, რამდენად ხარისხიანია ეს ინფორმაცია, რაც ფირზეა ასახული, რომ შემდეგ შინაარსობრივად გვემსჯელა მასზე. ამ ეტაპზე წინასწარ აზრს ვიტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საბოლოო პოზიცია არ არის: რაც იკვეთება იმით, ანუ ის, რომ ვიდეოფირზე მოცემული მონაცემები არის მონტაჟის საგანი, უკვე გამოირიცხება მთავარი, რომ ეს ინფორმაცია ხარისხიანია… ეს არ შეიძლება იყოს ხარისხიანი ინფორმაცია, შესაბამისად, ის, წესით, არ უნდა იყოს მტკიცებულება და მასზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს შინაარსობრივი დასკვნების გაკეთება”, – განცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა ბუტა რობაქიძის საქმის ერთ–ერთმა ბრალდებულმა, ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა, სადაც, მისი მტკიცებით, აღბეჭდილია ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების დაკავების დეტალები. ფირცხალავა აცხადებს, რომ ეს კადრები არის დაუმონტაჟებელი და უწყვეტად არის გადაღებული, რითაც მტკიცდება, რომ შსს–ს იმდროინდელ პრესსამსახურს ამ კადრების ფალსიფიცირებული გადაღება არ დაუგეგმავს
