ახალი ამბები

ბათუმის მერმა თანამდებობა შეინარჩუნა

13 ივნისი, 2013 • 1391
ბათუმის მერმა თანამდებობა შეინარჩუნა

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ჯემალ ანანიძის თანამდებობაზე დატოვების მომხრეა.

 

„მინდა გაგებით მოეკიდოთ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან მე მხარს ვუჭერ ჯემალ ანანიძის თანამდებობაზე დარჩენას. არასდროს არ დამიმალავს პოზიცია და არც უხერხულობას არ ვგრძნობ იმის გამო, რომ თავის დროზე „ოცნების“ წევრის, ზურაბ პატარაიას კანდიდატურას ვთავაზობდი საკრებულოს მერის პოსტზე. რა ვქნათ ახლა, ის, რომ პატარაია „ოცნების“ წევრია, ამას ხომ არ გადავაყოლებთ ქალაქის ინტერესებს. ჯემალ ანანიძის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არასდროს მქონია. თუმცა იყო რაღაც გაუგებრობები ჩვენ შორის, რომელიც  ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს“. 

 

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მისთვის ქალაქის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული კადრების პარტიული კუთვნილება. „ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი და ქალაქი ზედმეტ პოლიტიკურ რყევებს ვერ გაუძლებს. ერთ წელიწადში იქნება თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ბევრი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი და მოსახლეობას საშუალება ექნება, ღირსეული მერი აირჩიოს“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ქალაქი ბევრი პრობლემის წინაშე დადგებოდა „კანონი მერის კონკურსის წესით არჩევას ითვალისწინებს, ჩვენ კი არ გვაქვს ამისთვის საკმარისი ვადები. გარდა ამისა, თავიდან იქნება საჭირო ტენდერების გამოცხადება და სხვა ბევრი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ქალაქს მუშაობაში ხელი რომ არ შეეშალოს, მე მხარი დავუჭირე მას“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილის პოზიციას ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ, „ნაციონალმა“ გიორგი კირთაძემ „ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა“ უწოდა.

 

„თუმცა, მან მერის შეფასებისას მაინც დაუშვა შეცდომა, როცა ჯემალ ანანიძის, როგორც კარგი მერის, ღირსებებზე კი არ ისაუბრა, არამედ იმაზე, რომ კონკურსებს და ტენდერებს შეეშლებოდა ხელიო. საკრებულო კოჰაბიტაციურ რეჟიმში კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვან და საჭირო გადაწყვეტილებების რეჟიმში“.

 

მან ასევე აქცენტი გააკეთა მერიის უფლებამოსილების შესუსტებაზე: „დღევანდელი მდგომარეობა საშინელია, რადგან ნებისმიერი თანხმობის მისაღებად, საბავშვო ბაღში სკამის ყიდვაც კი, საკრებულოს თანხმობა სჭირდება, ამიტომ ჩვენ უახლოეს სხდომაზე კატეგორიულად ვითხოვთ ჩვენი ფრაქციის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს ჩვენს ქალაქში ძლიერი მერის ყოლას და მერის უფლებამოსილებების უკან დაბრუნებას, რომელიც ახალმა საკრებულოს თავმჯდომარემ ჩამოართვა“.

 

ბათუმის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობიდან წასვლის მოტივით, განცხადებით ორის დღის წინ მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ჯემალ ანანიძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მას საკრებულოს გადაწყვეტილება ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის სჭირდებოდა: „სულ იყო საუბარი იმაზე, რომ მე ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ვიყავი დანიშნული. ამბობდნენ, რომ „ნაციონალების“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლებაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა და მე არ მქონდა ამ თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება. ამიტომ მე აქცენტი გავაკეთე მორალზე და საკრებულოს ჩემი გადადგომა მოვთხოვე.  თუ  ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ ერთად, მაშინ მე მჭირდება ლეგიტიმაცია“.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი