ახალი ამბები

ნაცმოძრაობა: სამტრედიის თვითმმართველობაზე სპეცსამსახურები ახდენენ ზეწოლას

13 ივნისი, 2013 • 1454
ნაცმოძრაობა: სამტრედიის თვითმმართველობაზე სპეცსამსახურები ახდენენ ზეწოლას

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 11 ივნისს სამტრედიის საკრებულოს თავმდომარემ ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა პოლიტიკური ზეწოლის გამო დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ:


“საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო საკრებულოს წევრებზე ზეწოლის, დაშინებისა და შანტაჟის აგრესიული კამპანია არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. 
ზეწოლა გამოიხატება საკრებულოს წევრების თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების, უკანონო დაბარებებსა, დაკითხვებსა და შანტაჟში, რათა მათ ხმა მისცენ მთავრობისთვის სასურველ კანდიდატს, რომელთაც კახი და კარლო კალაძეების კლანი დაასახელებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ავრცელებს.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები:

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე დავუდგებით გვერდით საკრებულოს თითოეულ წევრს, რათა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მათი უფლებები იყოს უზრუნველყოფილი და საკრებულომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისი წევრების უმრავლესობის ძალდაუტანებელი პოზიციით იქნება განპირობებული. 

ორ თვეზე მეტი ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაპირდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს, რომლებზეც ასევე ხორციელდება შანტაჟი და ზეწოლა, რომ შეხვდებოდა მათ და მოისმენდა ინფორმაციას აღნინული უკანონობის შესახებ. სამწუხაროდ, მან ჯერაც ვერ გამონახა დრო ამ შეხვედრისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თვითმმართველობებზე შეტევის მთავრობის მიერ მართვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი