ახალი ამბები

კვიტაშვილი თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება

12 ივნისი, 2013 •
კვიტაშვილი თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება

“მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ერთადერთი ფაქტის გამო, მე ძალიან არ მომწონს ეს დინამიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო არაერთხელ, რომ დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა შენარჩუნებული იქნებოდა, პრაქტიკული ქმედება არის ამის წინააღმდეგი. მე არ მინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტსტში, ჯავახიშვილის სახელობის, ამ იდეალების უნივერსიტეტში, დაბრუნდეს ის დრო, როცა ინიშნება რექტორი ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ არის -პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არ არის სწორი.

 

სანამ ეს კანონი იქნება მიღებული და, როგორც ჩანს, ისეთი სისწრაფით მიდის პროცესი, რომ ეს კანონი ძალიან მალე იქნება მიღებული, მე მინდოდა, რომ უნივერისტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც არის კოლეგიალური, წარმომადგენლობითი, უმაღლესი ორგანო უნივერსიტეტში, ჰქონოდა საშუალება ამ გადაწყვეტილების მიღების და აერჩია ახალი რექტორი. ამიტომ ჩემს გადადგომას პარალელურად მოჰყვა ახალი, რექტორის არჩევნების გამოცხადება, სადაც ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, რომ რექტორს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება შემდეგი რექტორი, მიიღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არჩეული უნივერსიტეტის მიერ”, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისივე განმარტებით, საბჭო რექტორობის კანდიდატების განაცხადებს ორი თვის განმავლობაში მიიღებს, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება.

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

 

ალექსანდრე კვიტაშვილს დოქტორის ხარისხი არ გააჩნია, რის გამოც მან დღეს, 12 ივნისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი