სააკაშვილის თქმით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში ბევრი ცვლილება მოხდა, როგორც მატერიალურ ტექნიკური ბაზის, ასევე სწვლის ხარისხის თვალსაზრისით.
“ბოლო წლებში ნამდვილი ბუმი გვქონდა ახალი უნივერსიტეტების გახსნის და ეს არ იყო 90-იანი წლებში არსებული უნივერსიტეტების მსგავსი, რომელიც ფულის მოჭრის საამქროებად იყო ქცეული. 2004-2005-2006 წლებიდან უნივერსიტეტები იყო უკვე ნამდვილი თანამედროვე ქმედითი ორგნიზაციები, რომლის სტანდარტები მიახლობულია საერთაშორისო სტანდარტებთან. იმედია, ეს ყველაფერი გაგრძელდება ასევე,”- განაცხადა სააკაშვილმა დღეს, 12 ივნისს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის დროს.
“იცით, რომ პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის თანახმად ფუნდამენტურად გადაიხედება უნივერსიტეტების ავტონომიის საკითხი, მართვის წესი, კადრების მიღება-შერჩევა. რა თქმა უნდა, ჩვენი სისტემა მთლად უხარვეზო არ ყოფილა, მაგრამ უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა, კონკურენცია, ხარისხი და ახალი სტანდარტები საერთაშორისო სტანდარტებთან არის მიახლოებული.”
პრეზიდენტის თქმით, თუკი ქვეყანა მიიღებს ამ ცვლილებებს, საქართველო 90-იან წლებში დაბრუნდება.
“ეს იქნება საბჭოთა სისტემის რესტავრაცია უნივერსიტეტებში.”
პრეზიდენტის თქმით, დღეს სწორედ იგივე ხალხი ცდილობს რევანშის აღებას და უნივერსიტეტებში დაბრუნებას, რათა კვლავ ხელში ჩაიგდონ საგანმანათლებლო სისტემა.
“მე ვარ პროფესორების ოჯახიდან და კარგად ვიცი, რამდენი კარგი და პატიოსანი პროფესორი იყო მაშინ, მაგრამ სისტემურად ყველგან იყო კორუფცია, როდესაც ფაკულტეტებზე მოსაწყობად 15 ათასი დოლარი, 10 ათასი დოლარი გჭირდებოდა, ფული გჭირდებოდა ჩათვლისთვის, კურსიდან კურსზე გადასასვლელად.”
სააკაშვილი ამბობს, რომ თუკი ქვეყანამ ეს ცვლილებები მიიღო, ამას დამანგრეველი შედეგი ექნება ქვეყნის განვითარებისთვის. შესაბამისად, ის მოუწოდებს პარლამენტს, დიდი სიფრთხილით შეხედონ ამ საკითხს.
“არიან ლობისტური ჯგუფები, რომელთაც ერთი სული აქვთ, როდის შევლენ უკან უნივერსიტეტებში და ფულის კეთების საამქროებად როდის გადააქცევენ უნივერსიტეტებს. ამას გადაყვება მთელი საქართველო.”