ოფიციალური ინფორმაციით, მათი დაკავების საფუძველი საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი გახდა.
კერძოდ, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 300 000 ლარს საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დაფინანსების მიზნით.
“2012 წლის 19 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ჯინჯიხაძის ორგანიზებით, მასთან დაახლოებული პირების სახელზე დაფუძნებული იქნა შპს „არსაკიძე“, შპს „მშენებელი 2013“ და შპს „პალაცო“, რომლებთანაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული შესყიდვის წესით, გაფორმებული იქნა 3 ხელშეკრულება 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული კომპანიების მიერ, თ.ჯინჯიხაძისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირთა ზედამხედველობით, ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას ხელოვნურად იქნა გაზრდილი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, რის საფუძველზეც დაკავებულების მიერ მითვისებულ იქნა თანხა 80 000 ლარი,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 332-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.