ახალი ამბები

საია: მოვუწოდებთ პარლამენტს არ განიხილოს დაჩქარებულად უმაღლესი განათლების შესახე კანონი

12 ივნისი, 2013 •
საია: მოვუწოდებთ პარლამენტს არ განიხილოს დაჩქარებულად უმაღლესი განათლების შესახე კანონი

საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს და კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება.

 

ცვლილებების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიშნავს, საიას შეფასებით,  სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის ავტონომიაში პირდაპირი ჩარევაა.

 

რაც შეეხება  ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის აკადემიურ ხარისხს, საია აღნიშნულ ცვლილებას მართებულად მიიჩნევს, თუმცა ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ განხილვის საგანი უნდა გახდეს დღეს მოქმედი რექტორების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

“გვსურს,  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შევახსენოთ რეგენტთა საბჭოს არსებობა, რომელიც ფაქტობრივად უნივერსიტეტის ავტონომიურობის ხელყოფის ბერკეტს წარმოადგენს და წინა წლებში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. ბოლო დროს პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილება, რომელიც რეგენტთა საბჭოს გაუქმებას ისახავდა მიზნად, არ იქნა მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში განათლების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სწორედ მისი გაუქმება იყო გათვალისწინებული. მითითებულ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ ამა წლის მარტში პარლამენტისთვის წარმოდგენილ დასკვნაში რეგენტთა საბჭოს შესახებ საპირისპიროს ვკითხულობთ: „აღნიშნული ინსტიტუტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და კოორდინაციის ეფექტურ, იურიდიულად გამართულ ინსტრუმენტს წარმოადგენს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ განიხილოს ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ყველას მისცეს მის განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა და მოუსმინოს დანტერსესებული მხარეების მოსაზრებებს:

 

“ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები უნივერსიტეტების ავტონომიურობის გასაძლიერებლად და დაიწყონ მუშაობა შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი