ახალი ამბები

ომბუდსმენი “მატროსოვის” ციხის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

12 ივნისი, 2013 • • 1055
ომბუდსმენი “მატროსოვის” ციხის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

“დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა პატიმრის განცხადებით, მათ მიმართ მოპყრობა ნორმალურია. მათივე თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია და თანამშრომლები შეძლებისდაგვარად ყველა მათ კანონიერ თხოვნას ითვალისწინებენ. ამასთან, მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორით. ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, ბაჩანა ახალაია, სარგებლობს. ტელევიზორი პრაქტიკულად ძირითადი საკითხი აღმოჩნდა, რაზეც დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

 

„პატიმრობის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელე-ტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.“ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისაგან”, – ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.

 

ამავე განცხადების მიხედვით, 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს N7 და N9 დაწესებულების დახურულ ნაწილში ტელევიზორით სარგებლობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა – N7 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს მიეცათ უფლება, იქონიონ ტელევიზორები, თუმცა N9 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებული პატიმრების უმრავლესობას კვლავ არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ტელევიზორით.

 

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ამჟამად ტელევიზორის ქონა ყველა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დაშვებული. გამონაკლისია N9 დაწესებულება, რაც აღნიშნულ აკრძალვას დისკრიმინაციულ ხასიათს ანიჭებს.

 

“სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ პრობლემას დროულად გადაწყვეტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოგვაწვდის ინფორმაციას, რა საფუძვლით არ ეძლევათ N9 დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ტელევიზორით სარეგებლობის უფლება”, – აცხადებს ომბუდსმენის ოფისი.

 

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ N9 დაწესებულების აბანოს გასახდელში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რაც ხელყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც ხელი მიუწვდება ამგვარ ჩანაწერებზე, ასევე, ამ უკანასკნელთა შენახვის პირობები და ვადა.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი