ახალი ამბები

რის გამო არ ეთანხმება უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს

12 ივნისი, 2013 • • 1129
რის გამო არ ეთანხმება უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვეტო წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და არა ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული:

 

“ამიტომ უმრავლესობამ გაიზიარა ის პოზიცია, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური ინტერესებისთვის პრეზიდენტის მხრიდან და მისი შენიშვნები არ გაითვალისწინა, თუმცა იმავე დასკვნაში კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ ამ და სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა მხარესთან, მათ შორის ადვოკატებთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდეს.”

 

ბესელია პრეზიდენტს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს დაცვის მხარე ახლა გაახსენდა:

 

“თუ პრეზიდენტისთვის ღირებული იყო ადამიანის უფლებები, თავის დროზე როდესაც, ასეთი დისკრიმინაცია იყო და წინა პარლამენტი იღებდა ასეთ კანონებს, მაშინ რატომ არ ადებდა ვეტოს, მაშინ რატომ არ ახსოვდა დაცვის მხარე? ჩვენ ვთქვით, რომ ამ პრინციპს მხარს ვუჭერთ, მაგრამ როდესაც პოლიტიკური მიზანია ქულების დაწერა პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დაძლევით და არა ის მიზანი, რაც ჩვენც გვინდა, რომ არსებობდეს და ადვოკატებთან ერთად შეგვიძლია ამის ინიცირება, ასეთ შემთხვევაში ის პოზიცია იქნა გაზიარებული, რომ რადგან ეს იყო პოლიტიკური სვლა პრეზიდენტის მხრიდან და მისი ვეტო იყო, ამიტომ არ იყო ის მხარდაჭერილი უმრავლესობის მხრიდან, თუმცა იყო განსხვავებული მოსაზრებები.”

 

განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ბესელიას მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს. როგორც მან გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის ვეტო სამართლიანია:

 

“ადვოკატთა ასოციაციამ ჩვენ სამართლიანი ხარვეზი შემოგვთავაზა და იმის გამო, რომ კანონპროექტში ეს ხარვეზი დოკუმენტურად გააფორმა პრეზიდენტმა, ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ შენიშვნების გათვალისწინებაზე ვთქვათ უარი.  ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ადვოკატთა ასოციაციას, უნდა დავეთანხმოთ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში და ძიებაში და ნელ-ნელა გამოვასწოროთ ყველა ის ხარვეზი, რაც არის საპროცესო კანონმდებლობაში.”

 

ასევე, გუშინ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა იურიდიულმა კომიტეტმა. 

“კომიტეტი საკითხს პოლიტიკურ და არა სამართლებრივ ჭრილში განიხილავს. იურიდიულმა კომიტეტმა ადვოკატების უფლებების შეზღუდვას მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო პრეზიდენტმა დაადო.  ჩვენ ვიმსჯელებთ და  ერთად გადავწყვეტთ, პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ,” – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა.

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს – კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება. 

 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად ერთი წლით ადრე – მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს. 

 

პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი