ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს უნდა აირჩიოს

12 ივნისი, 2013 • • 977
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს უნდა აირჩიოს

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული 6 წევრიდან 2 კანდიდატი ხმების მინიმუმ 2/3–ით უნდა შეარჩიოს. საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, რამდენიმეწუთიანი კონსულტაციისთვის გამოეცხადებინა შესვენება. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, უმცირესობა მზადაა, უმრავლესობას არსებული 35 კანდიდატიდან წარუდგინოს 10, რომელსაც დაუჭერს მხარს. მათი მხარდაჭერის გარეშე კი პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს ვერ დაამტკიცებს. უსუფაშვილის განცხადებით, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან დეპუტატებს კონსულტაციებისთვის ერთი კვირა ჰქონდათ და რადგან ამ პერიოდში ვერ შეთანხმდნენ, რამდენიმეწუთიან შესვენებას აზრი არ ექნება. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, პირველი ტურის შემდეგ თუ ვერავინ ვერ მოაგროვა ხმების 2/3, მეორე ტური გაიმართოს პარასკევს, 14 ივნისს, მანამდე არსებული პერიოდი კი დეპუტატებმა კანდიდატურაზე შესათანხმებლად გამოიყენონ.

 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ შეძლებს ორი წევრის ხმების 2/3-ით არჩევას ვერც ერთ ტურში, აღნიშნული პოსტების დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 15 წევრია, აქედან 1 არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 7–მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 9 ივნისს არჩეული, 1–ასევე მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული, ოღონდ მოქმედი საბჭოს წევრი, რომელიც ინარჩუნებს თანამდებობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს კი პარლამენტი ირჩევს არასამთავობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი