ახალი ამბები

სექსუალური შევიწროების აკრძალვა, ვაინშტაინის სკანდალი და კამპანია #მეც

19 ოქტომბერი, 2017 • 2844
სექსუალური შევიწროების აკრძალვა, ვაინშტაინის სკანდალი და კამპანია #მეც

“ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

“დღეს საქართველოში  სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სექსუალური შევიწროება და სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება არის არასასურველი,”,- ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაშივე განმარტებულია, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება, ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა.

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი ბოლო შემთხვევა ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს უკავშირდება. ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მა მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი, მათ შორის- ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა, სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

“20 წლის წინ პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა ეშლი ჯადი ბევერლი ჰილზის სასტუმროში მიიწვია, მსახიობს ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ბიზნესშეხვედრა იყო,  საბოლოოდ კი ვაინშტაინის ოთახში აღმოჩნდა, სადაც ჰარვი ვაინშტაინი ხალათში იყო გამოწყობილი, მას კი მასაჟის გაკეთება და შხაპის მიღებისას ყურება მოსთხოვა”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ამის შემდეგ ათეულობით მსახიობმა ქალმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს მსგავსი გამოცდილება ჰქონიათ ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან პროდიუსერთან. ზოგმა მსახიობმა კი უბრალოდ მხარდაჭერა გამოუცხადა სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს და ღიად დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი, რომელიც ჰოლივუდში წლებია არსებობს, სადაც კაცები თავიანთ ძალაუფლებას ქალებზე სექსუალური ძალადობისთვის იყენებენ.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია ჰოლივუდში “მირამაქსის” და “ვაინშტაინ ქომფანის” დამაარსებელი. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ CNN-ის ცნობით, ეს იყო “ყველაზე ცნობილი საიდუმლო ჰოლივუდში”, სკანდალის გაცხადების შემდეგ ბობ ვაინშტაინმა თქვა, რომ “რცხვენია, ჰარვი ვაინშტაინის ძმა რომაა”. ვაინშტაინთან განქორწინების შესახებ განაცხადა მისმა ცოლმა ჯორჯიანა ჩეპმანმა. ვაინშტაინი გარიცხეს აკადემიიდან. ცნობილმა გამოცემებმა კი თავისი სტატიები ხმაურიანი სათაურებით გააფორმეს, რომ “თამაში დამთავრებულია”.

ყველაზე გვიან ვაინშტაინთან დაკავშირებულ სკანდალს ჰოლივუდში კაცი მსახიობები და პროდიუსერები გამოეხმაურნენ. “გარდიანმა” აღნიშნულ საკითხს სტატიაც მიუძღვნა, გამოცემა დაუკავშირდა ყველა იმ მსახიობსა თუ რეჟისორს, რომელსაც ოდესმე უმუშავია ჰარვი ვაინშტაინთან, მათ შორის- კვენტინ ტარანტინოს, მარტინ სკორსეზეს, ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი ლუისს და სხვებს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. მოგვიანებით, როცა ცხადი გახდა, რომ ჰარვი ვაინშტაინი რეპუტაციას საბოლოოდ დაკარგავდა, კომენტარები ჰოლივუდელი კაცებისგანაც გაკეთდა.

ჰარვი ვაინშტაინის სკანდალმა ბიძგი მისცა საერთაშორისო კამპანიას #metoo, სადაც ქალები წერენ იმ ძალადობისა თუ შევიწროების შესახებ, რომელიც კაცების მხრიდან სამუშაო ადგილას, ქუჩაში, ოჯახში თუ სხვაგან განუცდიათ. ეს კამპანია აჩვენებს იმას, რომ მსოფლიოს არც ერთ წერტილში არაა ქალი, რომელიც ერთხელ მაინც არ გამხდარა შევიწროების მსხვერპლი. საქართველოშიც პოპულარულია ეს წამოწყება, რომელიც #მეც კამპანიის სახელითაა ცნობილი.

22656550_10212524094809298_91061605_n

მასალების გადაბეჭდვის წესი