ახალი ამბები

“გლობალური მშვიდობის ინდექსის” მიხედვით საქართველო 142-ე ადგილზეა

12 ივნისი, 2013 •
“გლობალური მშვიდობის ინდექსის” მიხედვით საქართველო 142-ე ადგილზეა

კვლევისა და ყოველწლიური ანგარიშის შესახებ მასალას, რომელშიც 162 ქვეყნის მონაცემებია წარმოდგენილი, “გარდიანი” აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში გაიზომა ქვეყნებში საზოგადოების უსაფრთხოების, კონფლიქტის და შეიარაღების ხარისხის დონეები.

 

მშვიდობიანი ქვეყნების სიის სათავეშია ისლანდია, იმის მიუხედევად, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში იყო ფინანსური რყევები, თუმცა ლიდერობა ამ ქვეყანამ მოიპოვა დიდწილად პოლიტიკური სტაბილურობის წყალობით, ასევე, მკვლელობების სიმცირითა და ციხეში მყოფი მოსახლეობის, ანუ პატიმრების დაბალი რიცხვით.

 

ისლანდიას შემდეგ ტოპ-ათეულში არიან: დანია, ახალი ზელანდია, კანადა, იაპონია, ავსტრია, ირლანდია.

 

სიაში 89-ე ადგილზეა აშშ.

 

რაც შეეხება საქართველოს, მას მეზობელ ქვეყნებს შორის ყველა ქვეყანა წინ უსწრებს, გარდა რუსეთისა: 116-ე ადგილზეა სომხეთი, 131-ე ადგილზე – თურქეთი, 133-ე ადგილზე – აზერბაიჯანი, 142-ე ადგილზეა საქართველო და 154-ე ადგილზე – რუსეთი.

 

სიაში ბოლო ადგილზეა სომალი, რომელსაც ერთი საფეხურით უსწრებს წინ ავღანეთი.

 

კვლევის ფარგლებში, ასევე, გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა 2012 წელს ქვეყნებში შიდა კონფლიქტების შედეგად: როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი, 72 900 ადამიანია დაღუპული სირიაში, 30 828 – ლიბიაში, 25 371 – მექსიკაში. 5 146 ადამიანია დაღუპული ავღანეთში.

 

კვლევის ფარგლებში ქვეყნების შიდა პოლიტიკა მშვიდობის კუთხით 22 ინდიკატორის მიხედვით შეფასდა, როგორიცაა კრიმინალის აღქმის დონე, პოლიციელების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე, ორგანიზებული დანაშაულის დონზე და ა.შ. ასევე, კვლევის ფარგლებში აისახა კონფლიქტები, კერძოდ, გაკეთდა ძალადობის ღირებულების შეგასება გლობალური ეკონომიკის ჭრილში

მასალების გადაბეჭდვის წესი