ახალი ამბები

“რუსთავის მეტალი” ჯოზეფ ქეის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

12 ივნისი, 2013 •
“რუსთავის მეტალი” ჯოზეფ ქეის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

“რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეიძინა ბადრი პატარაკაციშვილმა 2005 წელს 36 მილიონ აშშ დოლარად, საიდანაც 26 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ TekhNeftInvest–ის გაყიდვის, ხოლო  10 მილიონი აშშ დოლარი Sibneft–ის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. ფონდების წარმომავლობა, შესაბამისი დოკუმენტბრუნვა და ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა დოკუმენტების გადაცემა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენის მიზნით, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაძლებელია მიეწოდოს დაინტერესებულ საზოგადოებას.

 

ყოველივე ეს სათანადოდ იყო დოკუმენტირებული ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ სასამართლოში, სადაც ჯოზეფ ქეიმ ვერ მოახერხა საკუთარი უსაფუძვლო მოთხოვნებისთვის მტკიცებულებების წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა თანხა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესაძენად. ჯოზეფ ქეიმ 2008 წელს არაკანონიერად მოიპოვა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე კონტროლი ბადრის გარდაცვალების შემდეგ, და 2010 წელს Gibraltar-ის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ჯოზეფ ქეის არ გააჩნია საკუთრების უფლება  ქარხანაში. ამასთან, დასავლეთ ევროპის სასამართლოებმა არაერთხელ შეაფასეს ჯოზეფ ქეი, როგორც მატყუარა და არასანდო მოწმე. პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა ქარხანაზე საკუთრების უფლება 2011 წელს. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კანონიერი მემკვიდრეები, ვის ინტერესებსაც მე წარმოვადგენ, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ჩატარდეს გამოძიება 2008–2011 წლებში ჯოზეფ ქეის საქმიანობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია “რუსთავის ფოლადის” დირექტორის, ტომას ბლეიქის განცხადებაში.

 

ჯოზეფ ქეიმ 11 ივნისს განაცხადა, რომ   2011 წლის 6 ივლის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გუდავაძემ “იმედის” სანაცვლოდ ხელისუფლებისგან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მიიღო.

 

“იმავე დღეს შეიარაღებული სპეცრაზმი ქარხანაში შემოიჭრა. ჩემს ქონებას კრიმინალურად შემოსული ჯგუფი დაეპატრონა – კრიმინალური და ძალადობრივი ქმედებებით, ფინანსური მაქინაციებით,  მაშინდელი სახელმწიფო მანქანის ტოტალური მხარდაჭერით მათ ჩემი კომპანიები გააკოტრეს და “ქართული ფოლადისა” და თუჯი XXI”–ის აქტივები ორი დღით ადრე შექმნილ შპს “რუსთავის ფოლადს” გადასცეს”, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი