ახალი ამბები

ალასანია: დღის წესრიგში დადგება დეოკუპაციის საკითხზე რუსეთთან საუბარი

12 ივნისი, 2013 •
ალასანია: დღის წესრიგში დადგება დეოკუპაციის საკითხზე რუსეთთან საუბარი

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა რუსთავი 2-თან, გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა. 

 

ირაკლი ალასანიას განმარტებით, საჭიროა პირველ რიგში ის, რომ საქართველომ არ მისცეს რუსეთის ფედერაციას არანაირი მიზეზი, რომ მან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის თავდასხმა განახორციელოს.

 

“მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში შევდივართ, როდესაც ნატოს მომავალი სამიტისთვის ვემზადებით. ჩვენთვის ასმაგად მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. ეს არის ურთულესი ამოცანა, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. დარწმუნებული ვარ, დღის წესრიგში დადგება ნატოს და ევროკავშირის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რუსეთთან იმ საკითხებზე საუბარი, რომ დაიწყოს დეოკუპაცია. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ვერ მოხდება ხვალ. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ინსტიტუციურად, სამხედრო შეიარაღებული ძალებით, გავლიერდეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის სტაბილურობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ გავხდეთ რეალურად ევროპული ოჯახის წევრი.”

 

თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი სამიტისთვის საქართველო იქნება “მართლაც კარგ პოზიციაში, რომ გადადგას კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი ნატოსთან დაახლოებისკენ.”

 

ალასანიამ ასევე საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

 

“საოკუპაციო საზღვრის გადმოწევის ფაქტი ნიშნავდა იმას, რომ ეჩვენებინათ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მათ შორს, რომ “ჩვენ აქ ვართ.” მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია, ისინი ამით საკუთარ თავსვე ვნებენ. პირდაპირ დაარტყამს სოჭის ოლიმპიადის საკითხს.”

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ასევე შეეხო ალასანია, ეს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დახმარებას შეეხებოდა.

 

“დიდი და სერიოზული ცვლილებები იგეგმება ჩვენი ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით, უპრეცედენტო ნაბიჯები იგეგმება პრემიერის და მთავრობის მხრიდან,”- განაცხადა მან. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი