როგორც თავდაცვის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, მან დეტალურად ახსნა, თუ რა ზომები იქნა მიღებული ქართული შეიარაღებული ძალებისა და ნატოს კოალიციური სარდლობის მხრიდან იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. 

 

“დაწყებულია სერიოზული სამუშაოები ნატოს სარდლობის მხრიდან ჩვენი შეიარაღებული ძალების მოთხოვნით, რომ ქართველი სამხედროებისთვის ისეთი კონკრეტული დისლოკაციები იქნას შერჩეული, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული,”- განაცხადა ალასანიამ და აქვე აღნიშნა, რომ დისლოკაციების შერჩევაში ქართველი სამხედროების მიერ ჰელმანდის პროვინციის დატოვება არ იგულისხმება და საუბარია ისეთი ტაქტიკური გადაადგილებების სისტემაზე, რომელიც ბოლოდროინდელი შემოტევების ტაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა. 

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება და ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ამ მისიით 2014 წლის ბოლომდე დარჩებიან, შემდეგ კი იწყება თვისობრივად ახალი მისია, რომელიც არა საბრძოლო მოქმედებებს, არამედ ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ითვალისწინებს. 

 

ალასანიას თქმით, ავღანეთში დღეისათვის საომარი მოქმედებებია, ამიტომ 100%-იანი გარანტიები, რომ რაიმე სახის ინციდენტები არ მოხდება, არ არსებობს. 

 

“თუმცა, ჩვენ ადამიანურად შესაძლებელი ყველა ზომა მივიღეთ (ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად), ამას დაემატა ისიც, რომ ამერიკულმა და ნატოს სარდლობამ ქართველი სამხედროების მოთხოვნით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.”

 

აქვე ისიც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ეს ზომები სპეციალური კომისიის მიერ კიდევ ერთხელ იქნება შემოწმებული.  მინისტრის განცხადებით, ოპერატიული თვალსაზრისით ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს შეცდომები არ დაუშვიათ და  ყველა აღიარებს, რომ ისინი თავის მოვალეობებს უმაღლეს პროფესიულ დონეზე ასრულებენ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *