ჯოზეფ ქეის განცხადებით, 2011 წლის 6 ივლის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გუდავაძემ “იმედის” სანაცვლოდ ხელისუფლებისგან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მიიღო.
“იმავე დღეს შეიარაღებული სპეცრაზმი ქარხანაში შემოიჭრა. ჩემს ქონებას კრიმინალურად შემოსული ჯგუფი დაეპატრონა – კრიმინალური და ძალადობრივი ქმედებებით, ფინანსური მაქინაციებით, მაშინდელი სახელმწიფო მანქანის ტოტალური მხარდაჭერით მათ ჩემი კომპანიები გააკოტრეს და “ქართული ფოლადისა” და თუჯი XXI”–ის აქტივები ორი დღით ადრე შექმნილ შპს “რუსთავის ფოლადს” გადასცეს”, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ დღეს, 1 ივნისს”, “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯოზეფ ქეის მტკიცებით, მას აქვს მტკიცებულებები, რომლითაც მტკიცდება, თუ როგორ აზარალა სახელმწიფო ბიუჯეტი 39 მილიონით “რუსთავის ფოლადმა”. ჯოზეფ ქეის კომპანიასა და “რუსთავის ფოლადს” შორის სამოქალაქო დავა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ მას ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯოზეფ ქეი ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის. ბიზნესმენი, რომელიც წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკომპლექტებულ ხელისუფლებასთან წარმატებულად თანამშრომლობდა, ახლა აცხადებს, რომ მაშინ ყველაფერს იძულებითა და მუქარის შედეგად აკეთებდა.
“დაითვალეთ, რამდენი გმირია საქართველში, ბევრი გაბედავდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ხმის ამოღებას?” – ასე ამართლებს ჯოზეფ ქეი მის მიერ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
სწორედ ჯოზეფ ქეის ხელიდან მოხვდა ტელეკომპანია “იმედი” 2007 წლის დარბევის შემდეგ არაბი ინვესტორების, შემდეგ კი გიორგი არველაძის ხელში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ქეიმ განაცხადა, რომ მას ამის გაკეთება აიძულეს.