კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანი უნივერსიტეტების ავტონომიის კიდევ უფრო შეზღუდვაა:
” ხელისუფლების მიზანია გაათავისუფლონ მოქმედი რექტორები და დეკანები, რომლებიც არჩეული არიან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი აკადემიური საბჭოების და ფაკულტეტების საბჭოების მიერ, ხოლო მათ ადგილზე დაინიშნონ ის ლექტორები, რომლებიც იქნებიან პრემიერ-მინისტრისთვის მისაღები და მოსაწონი. ეს არის ინსტიტუციური ჩარევა უნივერსიტეტში. შევარდნაძის დროის შემდეგ არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც პრემიერ-მინისტრი იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. ეს არის დაბრუნება იმ სისტემაში, რომლის ძალიან კონკრეტული სიმბოლო არის როინ მეტრეველი. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც რეტროაქტიულად გავრცელდება მთლ რიგ თანამდებობის პირებზე. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ვრწმუნდებით, რომ განათლების სამინისტრო დაინტერესებულია არა ხარისხის გაუმჯობესებით, არამედ დაინტერესებულია აგრარული უნივერსიტეტის დახურვით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახურვით და, ამავდროულად, იმით, რომ ლექტორებად დანიშნოს პრემიერ-მინისტრისთვის მისაღები კადრები.”
განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ “ეს მოდელი დაყრდნობილია იმ აპრობირებულ ევროპულ და ამერიკულ მეთოდებზე, რომლის საშუალებითაც დღეს ეს უნივერსიტეტები არიან მოწინავეები. არაფერი საერთო ამას უკან დაბრუნებასთან არ აქვს და თუ ეს გამოცდილება გულისხმობს იმას, რაც უმცირესობამ იგულისხმა როინ მეტრეველის უკან დაბრუნებაში, მაშინ აქ უკვე ზედმეტია საუბარი.”
კანონპროექტის მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.” ამას გარდა, პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.