ახალი ამბები

კომიტეტებმა პრეზიდენტის ვეტო განიხილეს

11 ივნისი, 2013 • • 1049
კომიტეტებმა პრეზიდენტის ვეტო განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ადვოკატების მოსაზრებებს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

“კომიტეტი საკითხს პოლიტიკურ და არა სამართლებრივ ჭრილში განიხილავს. იურიდიულმა კომიტეტმა ადვოკატების უფლებების შეზღუდვას მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო პრეზიდენტმა დაადო.  ჩვენ ვიმსჯელებ და  ერთად გადავწყვეტთ, პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ,”-განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა.

 

რაც შეეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დეპუტატებმა  საკითხს კენჭი კვორუმის არარსებობის გამო ვერ უყარეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, კენჭისყრა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

კომიტეტის საერთო გადაწყვეტიელბა უცნობია, თუმცა ბესელია და გედევან ფოფხაძე მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს:

 

“ადვოკატთა ასოციაციამ ჩვენ სამართლიანი ხარვეზი შემოგვთავაზა და იმის გამო, რომ კანონპროექტში ეს ხარვეზი დოკუმენტურად გააფორმა პრეზიდენტმა, ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ შენიშვნების გათვალისწინებაზე ვთქვათ უარი.  ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ადვოკატთა ასოციაციას, უნდა დავეთანხმოთ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში და ძიებაში და ნელ-ნელა გამოვასწოროთ ყველა ის ხარვეზი, რაც არის საპროცესო კანონმდებლობაში,”- ამბობს გედევან ფოფხაძე.

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს – კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება. 

 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად ერთი წლით ადრე – მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს. 

 

პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი