ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე “ვაშინგტონ პოსტსა” და “ნიუ იორკ ტაიმსს” აკრიტიკებს

11 ივნისი, 2013 •
მაია ფანჯიკიძე “ვაშინგტონ პოსტსა” და “ნიუ იორკ ტაიმსს” აკრიტიკებს

“მე ყველაზე მეტად საქართველო მაღელვებს. როგორც გითხარით, გასულ კვირას ვიყავი ნიუ იორკში. იქ გავიგე ქართველი სამხედროების დაღუპვის შემაძრწუნებელი, ტრაგიკული ფაქტი. მეორე დღეს “ნიუ იორკ ტაიმსში” წავიკითხე სრულიად აღმაშფოთებელი სტატია იმის თაობაზე, რომ თუ ვითომდა როგორ უყურებენ ავღანელები საქართველოს სამხედრო წარმომადგენლებს იქ. ეს იყო ჩემი გაგებით სრულიად აღმაშფოთებელი, მე ვიტყოდი, ამორალური საქციელი. იმ დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს და ასეთი მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ, დაკარგა 7 ახალგაზრდა, სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის… საეჭვოა ის წყაროებიც, რომლებსაც ისინი იშველიებენ ვითომდა იმის დასადასტურებლად, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში პატივისცემით არ სარგებლობენ. ეს წყაროები არასარწმუნოა, მაგრამ რომც არსებობდეს ასეთი წყარო ერთეული, რომელმაც შეიძლება ასეთი რამ თქვას, ჩემი აზრით, ამორალურია ამის დაწერა და გამოქვეყნება მაშინ, როდესაც ქვეყანა გლოვობს. მე საზღვარგარეთ საქართველოს შეიარღებული ძლების მხოლოდ ქება მსმენია”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მას აღარ უკვირს არაფერი, რაც საერთაშორისო პრესაში შეიძლება დაიწეროს:

 

“აქედან გამომდინარე, მე დასაშვებად მიმაჩნია, რომ “ვაშინგტონ პოსტის” ავტორებს ინფორმაცია ჰქონდათ კერძო წყაროებიდან, რადგან ისინი არ შეეცადნენ ეს ინფორმაცია სხვაგანაც გადაემოწმებინათ. სხვათა შორის, სტატიაში ერთი საინტერესო რამ იყო. სტატიის ავტორი აღშფოთებული იყო, რომ არც ევროკავშირი და არც აშშ რეაგირებას არ ახდნენ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ჩემი პასუხი მარტივია იმიტომ, რომ აშშ–ს ჰყავს საელჩო აქ და ევროკავშირს ჰყავს წარმომადგენლობა საქართველოში. ქვეყნებს აქვთ პირდაპირი წყარო, ამიტომ მათ კითხვები არ უჩნდებათ, ისინი კარგად არიან ინფორმირებული.

 

“პოსტის” ავტორის ინფორმაციის წყარო არის მიკერძოებული. მას არ უცდია გაეგო სხვა ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც წერდა, ის არ დაკავშირებია არც საგარეო სამინისტროს და არც სხვა სამინისტროებს”, – აცხადებს ფანჯიკიძე.


შეგახსენებთ, რომ “ვაშინგტონ პოსტში” 2013 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი, სახელწოდებით – საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია”, რომელშიც გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობა მას შემდეგ, რაც პატიმრობა მიესაჯა ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს. ხოლო 2013 წლის 7 ივნისს “ნიუ იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით – “თალიბების თავდასხმას 7 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა ავღანეთში”. სტატიაში ავტორი ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში არც ისე მოსწონთ, საუბარია ისეთ ფაქტებზეც, რომ ადგილი აქვს ქართველი ჯარისკაცების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვას და შეურაცხყოფას.

მასალების გადაბეჭდვის წესი