ახალი ამბები

დაიკავე სკვერი! – მოქალაქეები ყოფილი მთავარი პროკურორის სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

17 ოქტომბერი, 2017 • 2845
დაიკავე სკვერი! – მოქალაქეები ყოფილი მთავარი პროკურორის სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სამშენებლო კომპანია თბილისის ერთ-ერთ სკვერში კორპუსების მშენებლობას აპირებს, რასაც ეწინააღმდეგება მოსახლეობა, რომლის ძალისხმევითაც აღნიშნული სკვერი გაშენდა. სამშენებლო პროექტი, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერიამ მოიწონა, თუმცა მის დასაწყებად ინვესტორს საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

15 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის 77-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა და მათმა თანამოაზრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სახელწოდებით – “დაიკავე სკვერი!”

“ჩვენი ძალებით დავამსგავსეთ ეს ტერიტორია სკვერს. მივმართეთ საკრებულოს, რომ სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ ბოლოს უარყოფითი პასუხი მივიღეთ,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სამეზობლო თემის წევრი დავით გოციძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ტერეზა ექომეიშვილი იხსენებს, რომ სამეზობლო თემმა მათ მიერ გაშენებული სკვერისთვის რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მერიას მიმართა, თუმცა პროცესი გაიწელა, ამასობაში კი ეს სკვერი კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა.

“ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ ეს სკვერი არ დაინგრეს. ეს ჩვენი ხელით გამწვანებული ტერიტორიაა. ეს ხეები, აქ რასაც ხედავთ, ჩვენი და ჩვენი მშობლების მიერაა დარგული,” – ამბობს ექომეიშვილი.

ნუცუბიძის 77 -ში აქცია "დაიცავი სკვერი!" გაიმართა. მოსახლეობამ მათ მიერ გაშენებულ სკვერში კორპუსების მშენებლობა გააპროტესტა. თბილისი, 15 ოქტომბერი, 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

ნუცუბიძის 77 -ში აქცია “დაიცავი სკვერი!” გაიმართა. მოსახლეობამ მათ მიერ გაშენებულ სკვერში კორპუსების მშენებლობა გააპროტესტა. თბილისი, 15 ოქტომბერი, 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

საუბარია სკვერზე, რომელსაც 5515 კვ.მ. მიწის ფართობი უკავია ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის. აღნიშნული ტერიტორია, ისევე როგორც იქვე მდებარე კიდევ 1193 კვ.მ მიწის ფართობი (ჯამში, 6 708 კვ.მ მიწა), შპს „ნეს“ გადაეცა თბილისის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და თბილისის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებით. აღნიშნულმა კომპანიამ ეს მიწები მიიღო მის საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ვინაიდან 2012 წელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიარა ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალმა გზამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური დასკვნის მიხედვით, რომელიც 2017 წლის მაისში გასაჯაროვდა, აღნიშნულია, რომ  „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტს“ ზარალი მიადგა 2012 წელს, მერიამ კი ზარალი შეფასა 2016 წლის მდგომარეობით. ამასთან, ადრე კომპანია ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას ფულადი სახით, რაც აუდიტის სამსახურის გათვლით, 513 346 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა მერიამ ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ, გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

ამას გარდა, აუდიტის სამსახური მიუთითებს კიდევ ერთ გარემოებაზე: შპს „ბი ეს არ -სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელი შეიცვალა 2016 წლის 29 თებერვალს და მისი 40%-იანი წილის მფლობელი გახდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე; ამის შემდეგ, იმავე წლის აპრილში – კომპანიამ მიიღო ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, ხოლო ივნისში კომპანიის 100%-იანი წილი მფლობელი გახდა ოთარ ფარცხალაძე. ივლისში ფარცხალაძემ თბილისის მერიას მიმართა, მომიჯნავე 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გაეყიდა აუქციონზე, რადგან დაინტერესებული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის განხორციელებით. საბოლოოდ, 2016 წლის აგვისტოში ეს ტერიტორია უკონკურენტო გარემოში ჩატარებული აუქციონის პირობებში 975 400 ლარად შეიძინა ფარცხალაძის კომპანიამ.

“ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის” პროექტის მიხედვით, ნუცუბიძეზე, ჯამში, 10 265 კვ. მ. მიწის ფართობია მათ მფლობელობაში, სადაც დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებს, ავტოსადგომებს (3-დონიანი პარკინგი), საბავშვო მოედნების და გამწვანებული ეზოს მოწყობას.

კომპანიის პროექტი მერიამ მოიწონა და დასამტკიცებლად საკრებულოში გაგზავნა.

“განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება დაამტკიცა მერიის ზონალურმა საბჭომ, იმსჯელა, რომ მიზანმიმართულად შეიძლება აქ გაშენება და ახლა ეს დოკუმენტი იმისთვის, რომ კანონად იქცეს, უნდა დაამტკიცოს საკრებულომ. გადააგზავნეს უკვე საკრებულოში და მისი განხილვის ვადა – 6 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ჯერ არაფერი მომხდარა,” – ამბობს იურისტი ანანო ცინცაბაძე.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ, როცა ადგილობრივ მოსახლეობასთან ინვესტორი მივიდა, მათ დაჰპირდა, რომ სკვერში არაფერი აშენდებოდა, თუმცა ეს პირობა აღარ შესრულდა. კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტი სკვერის გარკვეულ ნაწილში მაინც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის განთავსებას.

ადგილობრივმა მოსახლეობამ 15 ოქტომბერს გამაფრთხილებელი აქცია გამართა და მათ პროტესტს ქავთარაძისა და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებიც შეუერთდნენ, სადაც ანალოგიური პრობლემები შეექმნათ მოქალაქეებს: თამარაშვილის 11-ში საკრებულომ უკვე გასცა ნებართვა მშენებლობაზე, თუმცა, უფრო მცირე ზომისაზე, ვიდრე ადრე გეგმავდნენ; ქავთარაძის შემთხვევაში კი, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მოქალაქეები, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მშვიდობიანი პროტესტის სხვა ხერხებს მიმართავენ.

საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ ფარცხალაძის ფირმასა და თბილისის მთავრობას შორის ზემოთ აღნიშნული გარიგებების შესახებ გასაჯაროებულ ცნობებს მოჰყვა ფიზიკური დაპირიპირება აუდიტის სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის. აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი