საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გამოძიების უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია და უწყება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.
“მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მე შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია. გამოძიების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას,” – ამბობს შოთაძე.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.