ახალი ამბები

კვიტაშვილს შესაძლოა თსუ-ს რექტორის უფლებამოსილება შეუწყდეს

11 ივნისი, 2013 • 8794
კვიტაშვილს შესაძლოა თსუ-ს რექტორის უფლებამოსილება შეუწყდეს

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, “კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მისი ბიოგრაფია, საიდანაც ცხადია, რომ კვიტაშვილი არ ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

 

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ფორმდება რექტორის უფლებამისილების ვადამდე შეწყვეტა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ რექტორს ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი და საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.


საქართველოს პარლამენტში შეტანილი ცვლილებების პროექტით,  დოქტორანტი ვეღარ დაიკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი