ახალი ამბები

წულუკიანი: კონფერენციაზე მოსამართლეებმა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს

10 ივნისი, 2013 • 909
წულუკიანი: კონფერენციაზე მოსამართლეებმა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს

„მოსამართლეებმა, მართალია, უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ჩათვალეს, რომ კარგია.  ახლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროებს პრაქტიკაში შემოწმებას, რომ ჩვენ, ყველამ, დავინახოთ, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია“, − განაცხადა წულუკიანმა.

 

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მინისტრმა პარლამენტის როლზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება, აირჩიოს დამოუკიდებელი, კომპეტენტური და მიუკერძოებელი წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

 

„გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მოსამართლეებმა გუშინ აჩვენეს, ახლა პარლამენტზე არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. თუ   დანარჩენი 6 წევრი არ იქნა საზოგადოებისათვის მისაღები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლო რეფორმას საქართველოში არა მოკლე ვადაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც პრობლემები შეექმნება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება, სადაც  ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი