თადარიგის პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ავღანეთში 6 ივნისს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვამ ქვეყანაში ანტიდასავლური ძალები გააძლიერა. პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა:
“წინა ხელისუფლების მხრიდან საერთოდ ახსნილი არ იყო ამ მისიის აუცილებლობა. იმპერატიულ ტონში მათ გადაწყვიტეს მისიაში მონაწილეობაც და კონტინგენტის რაოდენობაც. მათ არ აინტერესებდათ საზოგადოებრივი აზრი. ვინც წინააღმდეგი იყო მისიაში მონაწილეობის, ის იყო რუსეთის აგენტი. აქედან გამომდინარე, დამოკიდებულება იყო პიარზე გათვლილი: ვინც მომხრე იყო დადებითი პირი იყო, ვინც მოწინააღმდეგე–ის უარყოფითი.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც არგუმენტები კვლავ ვერ მოისმინა საზოგადოებამ. ბოლო ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოში პროდასავლურ განწყობებზე. გაიზარდა ანტიდასავლური განწყობები. მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს ვალდებულება, საზოგადოებას აუხსნას, თუ რა ხდება. რა აუცილებლობაა ავღანეთის მისიაში მონაწილეობის.”
გიორგი თავდგირიძის თქმით, ერთია, როცა მოქალაქეებთან დიალოგს არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მართვავენ, თუმცა მთავრობის ოფიციალური პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
“გენერალური შტაბის უუნარობამ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების უუნარობამ, კვლავ ეჭქვეშ დააყენა პროდასავლური კურსის ოპტიმალურობა. მსხვერპლი მართლაც დიდია. ამ მსხვერპლის აცილება მართლაც შეიძლებოდა. და ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი, რომ მთავრობამ უსწრაფესად იმოქმედოს და გამოასწოროს ვითარება. ერთი ან ორი ჩინოვნიკის არაკომპეტენტურობამ და უპასუხისმგებლობამ ეჭქვეშ არ უნდა დააყენოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი,”– განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო უპრეცედენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატება. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. არიან დაჭრილები და დაღუპულები.
გარდაცვლილია 7 სამხედრო მოსამსახურე, თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავღანეთის ქართულ ბაზაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოში “არა ნატოს” ლოზუნგით რამდენიმე აქცია გაიმართა.