ახალი ამბები

“შვილები არ დატოვო უპატრონოდ, დაგიჭერენ” – შესაძლო მუქარა ევროპული საქართველოს კანდიდატზე

14 ოქტომბერი, 2017 • 2337
“შვილები არ დატოვო უპატრონოდ, დაგიჭერენ” – შესაძლო მუქარა ევროპული საქართველოს კანდიდატზე

დღეს, 14 ოქტომბერს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა და გარდაბანში მათ მაჟორიტარობის კანდიდატზე, ელშან კურბანოვზე ხელისუფლების კოორდინატორის მხრიდან შესაძლო მუქარის შესახებ მასალები გააცნო მედიას.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ამავე სოფელში “ქართული ოცნების” კოორდინატორი, შარხმარდან გულიევი დაუკავშირდა და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრა. პარტიის ლიდერის თქმით, ელშან კურბანოვმა შარხმარდან გულიევთან მეორე შეხვედრის საუბრის ჩაწერა მოახერხა.

როგორც აბესაძე აცხადებს, აუდიოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ გულიევი საუბრობს დასაჭერი ადამიანების სიაზე, სადაც კურბანოვის გარდა სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და აქტივისტებიც არიან. მისი თქმით, პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში “ქართული ოცნების” კოორდინატორი კურბანოვს პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანთან შეხვედრას და სამსახურის პოვნასაც პირდება, რათა “შვილები უპატრონოდ არ დარჩენილიყვნენ”.

“გარდა ამისა, კურბანოვი საუბრისას იხსენებს შემთხვევას, თუ როგორ ეწეოდნენ მანქანაში მარიხუანას, როგორ გააჩერა პოლიციამ და დაკავებას ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატმა სავალან მირზოევმა გადაარჩინა. “ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატს, კურბანოვის გარდა, გუშინვე დაუკავშირდა სავალან მირზოევის მამა, მირზა მირზოევი, რომელმაც მას, პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის პოვნაში დახმარება დაუდასტურა,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.”

ბაქრაძე-უგულავას გუნდი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და მითხოვს დამნაშავეების სასწრაფოდ დასჯას. ირაკლი აბესაძის განცხადებით, “ევროპული საქართველოს” კანდიდატებს მასობრივად ემუქრებიან მთელ საქართველოში და კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ:

“სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში თავად კანდიდატებმა შურისძიების შიშის გამო არ ისურვეს ამ ამბის გასაჯაროება. ეს ამბავი კარგი მაგალითია, თუ რა მეთოდებით ცდილობს “ქართული ოცნება” ოპონენტების მოშორებას.”

ევროპული საქართველოს განცხადებით, ეს არის სინქრონული ჩანაწერი, სადაც ხელისუფლების კოორდინატორი მათ კანდიდატს ემუქრება:

  • შახმარდან გულიევი:  შენ მაგათ შარში გაგხვიეს. მოგების შანსი არ გაქვს. ესენი ყველაფერს იძახიან ჩემთან. ეს ორი ნომერიც ვიცი, რაც არიან. 
  • ელშან კურბანოვი: ვთქვათ, მე ოცნებაში გადავედი,  მერე რა მოხდება?
  • შახმარდან გულიევი:   მე მათ მოველაპარაკები, შენ ნუ გეშინია. მე მაგათ ლაპარაკს ვუსმენდი  და თქვეს, რომ  მერე ელშანის სამსახურში დავაბრუნებთო. უპატრონოდ ხომ არ დატოვებ შენ შვილებს.
  • ელშან კურბანოვი: ღამე რასაც მეუბნებოდი დაჭერაზე, რომ გადავიდე, მაინც დამიჭერენ?
  • შახმარდან გულიევი: ნუ გეშინია, ვისაც გინდა იმას შეგახვედრებ, თუ გინდა ელმადინასაც, თუ გინდა გოდერძისთანაც შემიძლია შეგახვედრო. პარლამენტის დეპუტატია.
  • ელშან კურბანოვი: გუშინ რასაც მეუბნებოდი, დასაჭერი ხალხის სიაში ხარო, საიდან გაიგე ეს ამბავი?
  • შახმარდან გულიევი: დასაჭერი ხალხის სიაზე ილაპარაკეს ჩემთან. შენ ხარ, სოფლის მაჟორიტარები და ერთ-ერთი შენი აქტივისტი. შენთან იმიტომ მოვედით, რომ გონებაზე მოხვიდე და შვილები უპატრონოდ არ დაგრჩეს. რეალურად ჩვენ მხარეზე კი არ გადმოხვალ, მაგრამ ჩვენზე იმუშავებ. შენ ნუ გეშინია. ბიჭო, ჩვენ ყოველდღე კარგ პლანს ვეწევით, პოლიცია თავიდან დაგვსდევდა დასაჭერად. ერთხელ მანქანაში მოვწიეთ და გავიქევით მერე. როცა გაგვაჩერეს, სავალანას დავუძახეთ და პოლიციას უთხრა, დაივიწყეთ ამათი სახელი და გვარი, ჩემი ხალხი არიანო. ამიტომ შვილები არ დატოვო უპატრონოდ, დაგიჭერენ.  
  • ელშან კურბანოვი: მე რა დავაშავე, დასაჭერი რომ ვარ?
  • შახმარდან გულიევი: აქციები გაქვს ლამის ყოველდღე, მთავრობის წინააღმდეგ მიდიხარ.

შახმარდან გულიევი “ქართული ოცნების” მოქმედი მაჟრიტარი დეპუტატის, ელიმდარ გულიევის შვილია სოფელი ახდაკლიიდან, ხოლო გოდერძი ჩანქსელიანი და სავალან მირზოევი “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის დეპუტატები არიან.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უკვე მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით “ქართულ ოცნებას”, სადაც განგვიცხადეს, რომ, პირველ რიგში, მმართველი პარტია მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას, რადგან ხელისუფლების ინტერესებშია არჩევნების მშვიდ და სამართლაინ გარემოში ჩატარება. როგორც “ქართულ ოცნებაში” განგვიცხადეს, ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ გარდაბნის შტაბს, სადაც უთხრეს, რომ ეს იყო “ევროპული საქრთველოს” კანდიდატის პროვოკაცია, თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროა საქმე სამართალდამცავებმა გამოიძიონ.

დღესვე, 14 ოქტომბერს, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში “ევროპული საქართველოს” პარტიული სია გაუქმდა, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე ისე, რომ პარტიისთვის ეს არც შეუტყობინებიათ. NGO-ები ვაურაოდობენ, რომ ადგილი აქვს შესაძლო დაშინებას, რადგან ყველა კანდიდატმა ერთდროულად, ერთნაირი მიზეზეზებით მოიხსნა არჩევნებიდან რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ 11 დარღვევა დაფიქსირდა, რომელზეც მიმდინარეობს მოკვლევა.

ირაკლი აბესაძე: გარდაბანში ევროპული საქართველოს კანდიდატებს ემუქრებიან და კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ

ირაკლი აბესაძე: გარდაბანში ევროპული საქართველოს კანდიდატებს ემუქრებიან და კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი