ახალი ამბები

NGO-ები: თეთრიწყაროში შესაძლო ზეწოლის გამო “ევროპული საქართველოს” პარტიული სია გაუქდმა

14 ოქტომბერი, 2017 • 2421
NGO-ები: თეთრიწყაროში შესაძლო ზეწოლის გამო “ევროპული საქართველოს” პარტიული სია გაუქდმა

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში “ევროპული საქართველოს” პარტიული სია გაუქმდა, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე ისე, რომ პარტიისთვის ეს არც შეუტყობინებიათ. NGO-ები ვაურაოდობენ, რომ ადგილი აქვს შესაძლო დაშინების საკითხს, რადგან ყველა კანდიდატმა ერთდროულად და ერთნაირი მიზეზეზებით მოიხსნა არჩევნებიდან რეგისტრაცია.

სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ბაქრაძე-უგულავას პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა რეგისტრაციიდან. როგორც NGO-ებისთვის გახდა ცნობილი, კანდიდატებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრებას საზღვარგარეთ, რის გამოც მათ უარი განცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე.

“აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ. ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ – საარჩევნო ადმინისტრაციისგან,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

თავად “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში – დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ. არასამთავრობოები კი აღნიშნავენ, რომ გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე ასევე ვრცელდება სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც, მათ შორის, ასპინძაში და დმანისში.

“მსგავსი ფაქტები მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება,” – აცხადებენ NGO-ები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA).

მასალების გადაბეჭდვის წესი