“შეეწირნენ სამი, მერე კიდევ შვიდი ჯარისკაცი. ჩვენ უნდა ანალიზი გავაკეთოთ, რატომ მოხდა ეს, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ჯარისკაცთა სულები, რომლებიც ასე ტრაგიკულად დაიხოცნენ”.– განაცხადა მან.
მისივე თქმით, დღეს საღამოს, 6 საათზე ჯარისკაცებს სამების ტაძარში დაასვენებენ და 7 საათზე პანაშვიდს თავად შეასრულებს.
“ჩვენმა დიდმა წინაპარმა წმინდა ილია მართალმა გამოთქვა – მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენ დავუმატეთ ამას – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როდესაც ვუყურებთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომeლთაც სიცოცხლე შესწირეს, უნდა ვიფიქროთ, თუ სათანადოდ ვუფრთხილდებით ადამიანს. ადამიანი უნიკალური ქმნილებაა. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი ყველაფერს ქმნის მხოლობით რიცხვში, მით უმეტეს, ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, ასე უბრალოდ არ უნდა შევხედოთ ადამიანს”– განაცხადა ილია მეორემ.
ავღანეთში დაღუპული სამხედროები დღეს, 9 ივნისს, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდი კი 7 საათზე სამების ტაძარში დაიწყება.
7 ქართველი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში 6 ივნისს თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალი ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.